Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე: მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური ძალადობა


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ვაჟკაცობა ჯგუფური ძალადობა არ არის და უნდა "დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს". ასე უპასუხა ზუგდიდში "ვლაქერნობის" დღესასწაულზე მყოფმა პრეზიდენტმა შაქარაშვილის საქმეზე დასმულ კითხვას.

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ გამოძიება პროკურატურას უნდა მიანდონ.

"ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და, სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე", - თქვა პრეზიდენტმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG