Accessibility links

რვა „მაშველი“, რომლებმაც შაქარაშვილი ვერ იპოვეს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ბოლო მასალებიდან ირკვევა, რომ 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, ინციდენტის ადგილას, ახალგაზრდების, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის წამოსაყვანად, თბილისიდან, კონკრეტულად კი საბურთალოს რაიონიდან, რვა ადამიანი და სამი მანქანა წავიდა.

იმ ღამეს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ მხოლოდ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე წამოიყვანეს. ჩვენებების თანახმად, თბილისიდან ჩასულმა პირებმა, გიორგი შაქარაშვილი ვერ იპოვეს.

თუმცა, ამ გამოკითხვის ოქმებიდან ისიც ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილის საპოვნელად მათ განსაკუთრებული ძალისხმევა არც გაუწევიათ.

სამი მანქანა და მათი მგზავრები


„მაშველები“ საბურთალოდან საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ვახტანგ ახვლედიანმა მოიხმო. საბურთალოდან მცხეთაში წასულ რვა პირს შორის იყო კონსტანტინე ღიბრაძეც, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც არაგვის ხიდზე მომხდარი თავდასხმისას, გაქცევა მოახერხა, ტაქსი გააჩერა და თბილისში წამოვიდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, იშხნელების ქუჩაზე მისულმა კი მეზობელს, ირაკლი დაფქვიაშვილს, არაგვის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო და მცხეთაში წაყვანა სთხოვა, მაგისტრალზე დარჩენილი ბიჭების წამოსაყვანად.

გამოკითხვის ოქმების თანახმად, კონსტანტინე ღიბრაძესთან ერთად, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმყოფება შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი მონაწილე, ლუკა ბეჟანიშვილიც, რომელსაც არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ურეკავს ვახტანგ ახვლედიანი და დახმარებას სთხოვს.

საბოლოოდ, ვახტანგ ახვლედიანისა და მაგისტრალზე დარჩენილი ახალგაზრდების, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის წამოსაყვანად, თბილისიდან, საბურთალოს რაიონიდან, სამი მანქანა, „ნაცნობი ტაქსი“ - "ტოიოტა პრიუსი", „ჰიუნდაი“ და „ლექსუსი“ მიდის.

  • „ტოიოტა პრიუსს“ მართავს კახა სანდოძე. მასთან ერთადაა მეზობელი გური დულარიძეც.
  • „ჰიუნდაიში“ ზის ოთხი პირი - მძღოლი - ირაკლი დაფქვიაშვილი, კონსტანტინე ღიბრაძე, მათი მეზობელი შაკო აბრამიშვილი და გუგა მაჭავარიანი.
  • „ლექსუსის“ მძღოლია გიორგი ციცვიძე. მანქანაში მასთან ერთად ზის მეზობელი, სოსო თუშიშვილი.

„ტოიოტა პრიუსს“ თბილისში მოჰყავს ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, რომლებსაც არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პოულობს.

„ჰიუნდაი“ და „ლექსუსი“ კი იმდენივე მგზავრით ბრუნდებიან თბილისში, რამდენი მგზავრითაც მცხეთაში ჩავიდნენ.

„ტოიოტა პრიუსის“ მძღოლი, 8 ივლისს მიცემულ ჩვენებაში არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი სხვა ბიჭების ძებნას ითხოვდნენ.

„ჰიუნდაის“ მძღოლი, ირაკლი დაფქვიაშვილი კი, რომელიც გამოძიებამ 13 ივლისს გამოკითხა, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც „ტოიოტამ“ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე თბილისში წამოიყვანა, კონსტანტინე ღიბრაძემ თქვა, რომ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ბიჭებიც იყვნენ და ისინიც უნდა მოეძებნათ:

„ჩვენ ავტომანქანა მოვატრიალეთ ნატახტრის გადასახვევთან. მოძრაობისას კოკო ღიბრაძემ თქვა, რომ მცხეთიდან რამდენიმე ბიჭი კიდევ იყო წამოსაყვანი. თუმცა, ვერ გაიხსენა მათი სახელები და გვარები, არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდა. გავაჩერეთ მანქანა მცხეთის ჩამოსახვევთან, არაგვის ხიდთან მისვლამდე, 100 მეტრით უკან. გადმოვედით მანქანიდან. ჩემთან ერთად მყოფმა შაკო აბრამიშვილმა დაურეკა „ლექსუსის“ მძღოლს, გიორგი ციცვიძეს და და „ტოიოტაში“ მყოფ გური დულარიძეს. შაკოს უნდოდა „ტოიოტაში“ მსხდომ ბავშვებს გასაუბრებოდა, რათა გვეპოვა სხვა ბავშვებიც, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ ისინი უკვე კარგად გაცდენილები იყვნენ, ამიტომ ჩვენც წავედით. გზაში ჩვენ ვაკვირდებოდით გზისპირა ადგილებს, მაგრამ ვერავინ შევამჩნიეთ. თბილისში ჩამოსვლისას, პირდაპირ უბანში მივედით, სადაც დაგვხვდნენ ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და გიორგი ციცვიძე და ასევე სხვა უბნელები... აქვე განვმარტავ, იქ მყოფებთაგან ერთ-ერთმა თქვა, რომ მცხეთიდან ყველა ბავშვი სახლში იყო წასული. ზუსტად ვინ თქვა, არ მახსოვს“.

რაც შეეხება „ლექსუსის“ მძღოლს, გიორგი ციცვიძეს, მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც 11 ივლისითაა დათარიღებული, ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც ის მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მოტრიალდა, მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ შეუნიშნავს:

„ვაკვირდებოდი გზას იმ მიზნით, რომ ვინაიდან ვიცოდი, რომ მცხეთაში უნდა ყოფილიყო ვახოს გარდა კიდევ 4-5 ბიჭი, ვფიქრობდი, შესაძლოა, სადმე ყოფილიყვნენ“.

თბილისიდან მცხეთაში დაბრუნებული კონსტანტინე ღიბრაძე კი თავის ჩვენებაში, რომელიც მან გამოძიებას ინციდენტიდან თითქმის 18 საათის შემდეგ, 19 ივნისის საღამოს მისცა, ამბობს:

„მიმდებარე ტერიტორიაზე ვეძებეთ შაქარაშვილი თავის მეგობართან ერთად, მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით 15-20 წუთის ძებნის შემდეგ, წამოვედით უკან, უბანში“.

15 ივლისის მონაცემებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, სულ 20 მანქანა ფიგურირებს. 14 ივლისს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ოცივე მანქანაზე მოითხოვა ნებართვა 112-ის კამერების საშუალებით დაფიქსირებული გადაადგილების სრული ინფორმაციის შესახებ. მათ შორის, ზუსტი ადგილმდებარეობები დროის და სიჩქარის მითითებით. გამოთხოვილი ჩანაწერები მოიცავს 18 ივნისის დღის 12 საათიდან 20 ივნისის დღის 12 საათის პერიოდს.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ფეხბურთელის ოჯახი მოითხოვს, რომ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვსივე პირს ბრალი წაეყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამისათვის გამოძიებას ორკვირიანი ვადა აქვს მიცემული.

შაქარაშვილის საქმის 18 ტომში, ამ დრომდე არ დევს არცერთი მყარი მტკიცებულება, რაც გამოკვეთს „ტოიოტას“ მგზავრების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისსაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG