Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები: ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას


ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერთან, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.

„ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს, როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება. 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, სწორედ ამის გამო ანიჭებენ საკვანძო მნიშვნელობას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. ამიტომაა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ, განხილულ დოკუმენტში მკაფიო მოწოდება რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს ხოლო საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ ოქრუაშვილისა და უგულავას საპატიმროდან გამოშვება, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას. ეს მეთოდები მას ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს, მაგრამ ქვეყანას რისკებს უზრდის და ზიანს აყენებს. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა კი 2020 წლის არჩევნების დასრულებისა და ივანიშვილის ძალაუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორების შემდეგ, ამგვარი პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, ე. წ. ბუტა რობაქიძის საქმეში, საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს დანაშაულის ხანდაზმულობის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ (პრიმა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის - 15 წლის ამოწურვამდე, რამდენიმე დღით ადრე წაუყენა ბრალი.

მას გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მას სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ დააკისრებს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი 22 ივლისსაა დანიშნული.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG