Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი


"გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

თავისი სიტყვა მმართველი პარტიის ლიდერმა მადლობებით დაიწყო, მადლობა გადაუხადა ექიმებს, ხელისუფლებას და ხალხს, რომელმაც მისი თქმით, პანდემიის დროს "მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა."

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქართული ოცნების გუნდმა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წაიყვანა წინ.

"პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. არავინაა იმ ილუზიაში, რომ პრობლემები დალაგდა და აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება.

საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, საქართველოში მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ ეკონომიკური პრობლემები რჩება.

"ხალხს მეტი სიცხადე ჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არ აქვს ფასი, თუ თითოეული ოჯახი არ მოძლიერდა. ეკონომიკური გაძლიერება და კეთილდღეობა პირველ რიგში განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა გადაწყვეტილება, ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება ქართულო ოჯახის სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და ახლა განმტკიცება სჭირდება" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნება" 20 ივლისს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG