Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმებოდა იმ კამერების გაყიდვა, რომლებზეც შესაძლოა, აღბეჭდილი იყოს შაქარაშვილის ინციდენტი


19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ მცხეთის მაგისტრალზე მდებარე ერთ-ერთ შენობაზე დამონტაჟებული კამერები, რომლებსაც, შესაძლოა, დაფიქსირებული ჰქონდეს 19 ივნისის ღამეს, ინციდენტის დეტალები, „კამერების მეპატრონემ“ ჩამოხსნა და გასაყიდად გაამზადა. ეს კამერები გამოძიებამ თითქმის ერთი თვის თავზე, 16 ივლისს მოიკითხა.

ორჯერ ნასამართლევი ნუგზარ ოთარაშვილი, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდების მიმდებარედ, რესტორან „ელდორადოს“ კუთვნილ შენობაში, 18 ივლისით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში ამბობს, რომ მას გაყიდული კამერებიდან მიღებული თანხით, ვალის გასტუმრება სურდა.

ამასთანავე, ის გამომძიებელს ეუბნება, რომ მან იცოდა, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილი იყო 18-19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ მაინც აპირებდა მის გაყიდვას, რადგან მისთვის უცნობი იყო, რომ არ შეეძლო ამ კამერების გაყიდვა.

გამომძიებლის კითხვაზე, ხომ არ დაჰკავშირებია მას ვინმე და ხომ არ უთქვამს მისთვის, რომ სურდათ აღნიშნული ვიდეო-კამერის და ჩამწერის შეძენა, ნუგზარ ოთარაშვილი პასუხობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია:

„ამჟამად აღნიშნული რესტორანი არ ფუნქციონირებს, რესტორნის გვერდით მდებარეობს ავტომქანების სამრეცხაო, არც ის ფუნქციონირებს. ამ ობიექტზე ცხოვრების უფლება მომცა ობიექტის მეპატრონემ. აქ ცხოვრებისთვის თანხას არ მახდევინებს, რის სანაცვლოდაც ყურადღებას ვაქცევ ამ ტერიტორიას. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეო-კამერები და ჩამწერი, წარმოადგენს ჩემს საკუთრებას, რადგან აღნიშნული ობიექტი იჯარით სამუშაოდ ჰქონდა აღებული არმენ ავეტისიანს, რომელიც ამჟამად სომხეთში იმყოფება. მე მისთვის მიცემული მაქვს გარკვეული თანხა, რომელიც ჩემთვის არ დაუბრუნებია. კამერები ავეტისიანმა დააყენა, მაგრამ ვინაიდან მას ჩემთვის ვალი არ დაუბრუნებია, ამიტომ ზემოაღნიშნული მოწყობილობა წარმოადგენს ჩემს საკუთრებას... დიახ, მე ვიცოდი, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილი იყო 18-19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ მაინც ვაპირებდი მის გაყიდვას, რადგან ჩემთვის უცნობი იყო, რომ არ შემეძლო ამ კამერების გაყიდვა“.

კამერების ჩანაწერები გამოძიებამ ინციდენტიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 16 ივლისს ამოიღო.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG