Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე უარს ამბობს დამატებით გამოკითხვაზე


19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, არჩილ გაგნიძე, გამოძიებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს აცხადებს.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 22 ივლისით დათარიღებული ოქმი, სადაც არჩილ გაგნიძე აღნიშნავს, რომ ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს:

„ჩემი შეფასებით, გამოძიება დაინტერესებული არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით. აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, რომ 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიზნით, ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩემივე მონაწილეობით, რაც აჩენს განცდას, რომ რეალურად გამოძიება არ არის დაინტერესებული მოწოდებული ინფორმაციით, მისი ნამდვილობით, მისი უტყუარობით და ასე შემდეგ. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ და ეს სწორედაც იმ უწყების დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩემგან ითხოვს ინფორმაციის მიღებას და რომელიც მე მათ სრულად მივაწოდე 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით“.

ის ასევე უარს აცხადებს ე.წ. ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე. 22 ივლისით დათარიღებულ ოქმში გამომძიებელი წერს, რომ არჩილ გაგნიძე უარს ამბობს "აბსტრაქტულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებას. მისი თქმით, როდესაც დაიგეგმება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო, მონაწილე პირები, ადგილი და სხვადასხვა გარემოება, აღნიშნულის შემდგომ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას მასში მონაწილეობასთან დაკავშირებით".

არჩილ გაგნიძე ერთ-ერთია იმ ექვსი პირიდან, რომლებიც 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას „ტოიოტა კამრით“ დაესხნენ თავს.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ამ ექვსი პირის მიმართ ითხოვს დამატებით ბრალის წაყენებას, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სწორედ მათი თავდასხმის შემდეგ უჩინარდება გიორგი შაქარაშვილის კვალი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან და ოთხი დღის შემდეგ, გიორგის ცხედარს მაშველები მდინარე არაგვში პოულობენ.

ამ ეტაპზე, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ დროისათვის, „ტოიოტას“ არცერთი ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ჯერჯერობით, 22-ტომიან საქმეში, არ დევს არცერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც გამოკვეთს „ტოიოტას“ მგზავრების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, გამოძიება ახლა დიდწილად დამოკიდებულია ექსპერტიზის იმ პასუხებზე, რომელთა რაოდენობაც 150-ს აჭარბებს. მიმდინარეობს კომპლექსური ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, ტრასოლოგიური, დაქსტილოსკოპიური ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, მას შემდეგ მიმართა რაც მათ დილით, გურამ ამირხანაშვილი დაუკავშირდა და იკითხა, დაბრუნდა თუ არა გიორგი სახლში. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG