Accessibility links

ადვოკატი მოითხოვს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დაუყოვნებლივ გაცნობას


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი 23 ივლისს, საღამოს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამომძიებლების ჯგუფს შეხვდა და საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მასალების გაცნობა მოითხოვა. პოლიციის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიებამ უარი უთხრა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. „ჩემთვის საეჭვოა, რომ შაქარაშვილის ბიძას მეორე დღესვე ჰქონდა გამოძიების მასალების გაცნობის საშუალება და ჰქონოდა შემხებლობა საქმის ფიგურანტებთან და მაღალი თანამდებობის პირებთან, ამიტომ მოვითხოვე, რომ ხვალვე გამაცნონ საქმეში არსებული ყველა მასალა", - თქვა რამიშვილმა.

ადვოკატმა გამომძიებლებისგან ასევე მოითხოვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა, როგორც დაზარალებული, ეცნოთ გარდაცვლილი შვილის უფლებამონაცვლედ.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიება კვლავ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, სს კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, მისი შეფასებით, არ არის სწორი. „საქმე ყველაზე ნეიტრალური, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა აღიძრას", - თქვა რამიშვილმა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, 24 ივლისს ის და გარდაცვლილის მამა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის გამომძიებლებს შეხვდებიან და საგამოძიებო მასალების „დაუყოვნებლივ გაცნობას" მოითხოვენ. ასევე მოითხოვენ გარდაცვლილი პროგრამისტის უფლებამონაცვლედ მამამისის აღიარებას.

ამ დროისთვის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა გრძელდება.

22 ივლისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროში, ტყესთან მდგარ ავტომანქანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG