Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 76%, ხოლო ნატოში - 69%


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ევროპული და ევროატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. კერძოდ, გამოკითხულთა 76%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნატოში გაწევრიანებას კი გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს. ამასთანავე, წინა 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 6%-ით, ხოლო ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 5%-თაა შემცირებული.

ამასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-ისთვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება 11%-ისთვის. ეს მაჩვენებლები 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში შესაბამისად იყო 10% და 14%.

კითხვაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ ევროკავშირის მიმართ თქვენი დამოკიდებულება, გამოკითხული მოსახლეობის 61% ამბობს, რომ პანდემიას მათ დამოკიდებულებაზე საერთოდ არ მოუხდენია გავლენა, 19%-ის მოსაზრება დადებითისკენ შეიცვალა, ხოლო 9%-ის - უარყოფითისკენ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის დროს შეკითხვა დაისვა ასევე იმის შესახებ, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით?

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს და მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG