Accessibility links

შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში ცალკე წარმოებად გამოიყო 11 ბრალდებულის საქმე


გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით. მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, ერთი ახალგაზრდა „კამრის“ მგზავრებმა თბილისში წამოიყვანეს, გიორგის კვალი კი ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს „ტოიოტა კამრის“ იმ ექვს მგზავრს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს მცხეთის მაგისტრალზე დაესხნენ თავს. „კამრიში“ სრულწლოვან ბრალდებულებთან ერთად, ორი არასრულწლოვანი ბრალდებულიც იჯდა. ამ ბრალის წაყენებისა და შემდეგ დამტკიცების შემთხვევაში, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიებას 109-ე მუხლი მას შემდეგ დაემატა, რაც 10 ივლისს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე ახლო პერიოდში, სახესა და სხეულზე 12-მდე დაზიანება აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. მისი სიკვდილი კი წყალში დახრჩობამ, ასფიქსიამ გამოიწვია. ოჯახი დარწმუნებულია, რომ „კამრის“ მგზავრები მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში დაახრჩვეს.

ამჟამად გამოძიება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნას ელოდება.

ამ ექსპერტიზის გარდა, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე, არაერთი სხვა ტიპის ექსპერტიზა მიმდინარეობს, მათ შორის, ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს, მაგალითად, ტანსაცმელზე მექანიკური დაზიანებათა კვალის დადგენას, კვალის წარმომშობი ობიექტის განსაზღვრას, სხეულსა და ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრას. მიმდინარეობას ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური კვლევა, ნიადაგის კვლევა და ა.შ.

22-ტომიან საქმეში, ამჟამად არ დევს მყარი მტკიცებულებები, რაც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას დაადასტურებს. გამოძიებას ერთი თვე აქვს იმისათვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთა ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG