Accessibility links

მკვლევართა თქმით, Huawei-მ სმარტფონების გაყიდვით გაუსწრო Samsung-ს


ჩინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-მ გაუსწრო Samsung-ს და სმარტფონების გაყიდვის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნილების მკვეთრი ზრდის გამო. ამის შესახებ 30 ივლისს გამოაცხადა კვლევითმა ფირმა Canalys-მა.

Canalys-ის თანახმად, Huawei-მ, რომლის გაყიდვები უცხოეთში შემცირებულია აშშ-ის სანქციების გამო, 55,8 მილიონი მოწყობილობა გაყიდა და ამგვარად პირველად გაუსწრო სამხრეთკორეულ კომპანია Samsung-ს, რომელმაც 53,7 მილიონი ერთეული გაყიდა.

ცხრა წლის განმავლობაში ეს პირველი კვარტალია, რომელშიც ბაზრის ლიდერი არ არის Samsung-ი ან Apple-ი, იტყობინება Canalys-ი.

კვლევითი ჯგუფის თქმით, Huawei საკვანძო პრობლემად იქცა პეკინსა და ვაშინგტონს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და აშშ-ის სანქციებმა „მოგუდა“ Huawei-ის ბიზნესი მატერიკული ჩინეთის გარეთ, მაგრამ ის გაიზარდა შიდა ბაზარზე.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ფირმა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს კიბერუსაფრთხოებისთვის და ფაქტობრივად აკრძალა Huawei აშშ-ის ბაზარზე. ამავე დროს აშშ ის აწარმოებს მსოფლიო კამპანიას, რათა გლობალური მასშტაბით იზოლირებულ იქნეს Huawei, რომელიც ამავე დროს მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა სატელკომუნიკაციო ქსელების მოწყობილობების წარმოებაში.

აშშ-ის მზარდი ზეწოლის შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა ივლისის დამდეგს განაცხადა, რომ 2027 წლისთვის თავისი 5G ქსელიდან ამოიღებს Huawei-ს, მიუხედავად პეკინის მხრიდან მუქარისა, რომ ამის საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG