Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაკავებულია ბლოგერი, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავს საქართველოს აფარებდა


ალექსეი რომანოვი
ალექსეი რომანოვი

ხაბაროვსკში დააკავეს ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელიც YouTube-ზე საკუთარი არხით აშუქებს მხარის გუბერნატორ სერგეი ფურგალის დაპატიმრებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს. ბლოგერის დაკავების ამსახველი ვიდეოც YouTube-ით გავრცელდა. ალექსეი რომანოვს ბრალს სდებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში - საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევა.

ხაბაროვსკელმა ჟურნალისტმა ალექსეი რომანოვმა რუსეთი 2016 წელს დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. მან რუსეთიდან წასვლა ახსნა მთავრობის ზეწოლით, რომელსაც უკავშირებდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ინტერნეტ-არხის შექმნას. რომანოვი რუსეთში 2019 წელს დაბრუნდა.

ხაბაროვსკის მხარეში ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 ივლისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა მხარის არჩეული გუბერნატორი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სერგეი ფურგალი.

ფურგალს ბრალად ედება 2004-2005 წლებში რამდენიმე მეწარმის მკვლელობის ორგანიზება. სერგეი ფურგალი თავს დამნაშავედ არ ცნობს. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები 2018 წელს არჩეულ სერგეი ფურგალს მხარდაჭერას უცხადებენ და მოითხოვენ სამართლიანობას და პასუხს შეკითხვაზე, თუ დანაშაული მართლაც ჩადენილია, რატომ გაახსენდათ ეს 15 წლის შემდეგ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ პუტინის გადადგომაც მოითხოვეს.

რუსეთის ფედერალური ტელეარხები ხაბაროვსკში საპროტესტო აქციებს პრაქტიკულად, არ აშუქებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG