Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში მრიცხველების დემონტაჟს და სუფთა წყალს ითხოვენ


ლაგოდეხში გამარღულ საპროტესტო აქციაზე სასმელ წყალზე დაწესებული ტარიფის განახევრება, მრიცხველების დემონტაჟი და სუფთა წყლის მიწოდება მოითხოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ.

საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათი თქმით, ერთი თვეა, რაც მომხმარებელი სასმელი წყლის საფასურს მრიცხველის ჩვენების მიხედვით იხდის. საშუალოდ ერთ ოჯახს 150-დან 300 ლარამდე გადასახადი უწევს.

აქციაზე იმყოფებოდა ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის თქმითაც, მისმა მრიცხველმა ერთ თვეში 750 ლარი დაწერა.

აქცის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ წყლის გადასახადი გადაიხადონ კვლავ სულადობით, როგორც აქამდე იყო. გარდა ამისა, ადგილობრივთა უკმაყოფილებას იწვევს წყლის ხარისხი. აქციაზე ითქვა, რომ უამინდობის დროს ონკანებში წყალი დაბინძურებული მოდის და სასმელად გამოუსადეგარია.

აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ნიშნად წყლის საფასურს არ გადაიხდიან და პარალელურად აქციებსაც გამართავენ.

წყლის მრიცხველები ლაგოდეხში მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც ქალაქის წყალმომარაგების სისტემას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტზე 13 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ თუკი მრიცხველების დემონტაჟი მოხდება, წყლის მოხმარება გაიზრდება და ქალაქის დიდი ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩება. წყალმომარაგების კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ვერ მოხდება ვერც წყლის ტარიფის დაკლება, რადგან ფასს სემეკი არეგულირებს.

ერთი კუბური მეტრი წყალი 42 თეთრი ღირს. 49 თეთრს იხდიან იმავე ოდენობის წყალში ის ოჯახები, ვინც კანალიზაციით სარგებლობს.

ანალოგიური მოთხოვნებით აქცია ლაგოდეხში მაისსა და ივნისშიც გაიმართა. ჯერჯერობით მოსახლეობის არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG