Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის და მთავრობის წევრობას არ აპირებს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. „მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, - წერს მერაბიშვილი ფეისბუკზე.

ვანო მერაბიშვილი „განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს ერთადერთ ძალად, რომელსაც „შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“.

მერაბიშვილის შეფასებითვე, „დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“.

2020 წლის 20 თებერვალს, სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმროდან გათავისუფლებისთანავე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მაშინ მან უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ მხარეს შეუერთდებოდა - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თუ „ევროპულ საქართველოს“.

მაისში, „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ მედიას უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილი საქმიანობას გააგრძელებს „ნაციონალურ მოძრაობაში".

ივნისის შუა რიცხვებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი კიევში, მასთან შესახვედრად ჩავიდა.

ბოლო ხანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს შესაძლოა, კენჭი ეყარა ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის გასამართლებული იყო რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების და სხვისი ქონების მითვისება-გაფლანგვის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეებზე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილმა საპატიმროში გაატარა 6 წელი და 9 თვე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG