Accessibility links

site logo site logo

ბაჩალიაშვილის ოჯახმა შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე მოითხოვა, FBI სრულად ჩაერთოს გამოძიებაში


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბოცვაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ სამინისტროს მხრიდან აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში შეთავაზება გამოძიების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით უკვე გაიგზავნა. ადვოკატი ამბობს, რომ შსს-ს მხრიდან FBI-სთან თანამშრომლობის მზაობა დადასტურებულია, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი:

„უნდა ვიცოდეთ, რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებს მონაწილეობას ფედერალური ბიურო, მთლიანად მათი მონაწილეობის რა არეალი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს, ამ შემთხვევაში ჩვენ, გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე ყველა იმ კითხვების მხრივ იყოს ბოლომდე პასუხი გაცემული“, - უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, შეხვედრაზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დააფიქსირა მოთხოვნა, რომ მათი პოზიციაა, FBI სრულად ჩაერთოს გამოძიების პროცესში.

„ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი და არ უნდა იყოს ისეთი პოზიცია, რომ პროცესი იყოს მოტყუების თვალსაზრისით, გამოძიების შესანელებლად“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისი ინფორმაციით, შსს ფედერალური ბიუროსგან ელოდება პასუხს იმის შესახებ, რა მოცულობით ჩაერთვება FBI გამოძიების პროცესში.

„ფედერალური ბიუროსგან ელოდებიან პასუხს, თუ რა კონტექსტში, რა მოცულობით ჩაერთვებიან და რაში მიიღებენ მონაწილეობას და თანამშრომლობის რა არეალი ექნებათ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს და ფედერალურ ბიუროს“, - უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.

გუშინ, 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვის მოთხოვნით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG