Accessibility links

site logo site logo

ომბუდსმენი გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ბაჩალიაშვილის ოჯახს


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს.

როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, სახალხო დამცველი აკვირდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მიმდინარე გამოძიების პროცესს და ასევე შეხვდა ოჯახის ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტს:

„დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ან ადვოკატს, ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ეტაპზე ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ამ ოჯახს“, - უთხრა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. შს სამინისტრომ 4 აგვისტოს გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ. როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან 5 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთავაზება FBI-ში უკვე გაგზავნილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG