Accessibility links

პროკურატურაში შეხვედრა დასრულდა: ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნა გაგზავნილია


ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ინტერესებს იცავს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეებს შეხვდა.

როგორც რამიშვილი ამბობს, მათ წარუდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები იმის შესახებ, რომ საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის შესახებ მოთხოვნა გაგზავნილია. თუმცა პროკურორებმა განმარტეს, რომ ეს გარკვეულ დროს მოითხოვს.

„მზადყოფნა არის გამოხატული, რომ იქნებიან მოწვეული ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ... ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია „ფეისბუკთან“, „გუგლთან“ და ვებსაიტებთან, სადაც შეიძლება, სრულად იყოს ინფორმაცია, ყველაფერი იქნება სრულად მიღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს (რადგან ეს გარკვეულ ვადასთან არის დაკავშირებული), რომ ეს საფუძველი იქნება ჩვენი სიმშვიდის, არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ. ძალიან ბევრი ექსპერტიზა არის ჩატარებული და ეს არის პირველ რიგში, როგორც კომპიუტერთან (რადგან ჩვენ განვაცხადეთ უნდობლობა კომპიუტერთან დაკავშირებით), ასევე ავტომობილთან. მოვითხოვეთ, რომ დაჩქარებული წესით მოიძიონ ისეთი სადიაგნოსტიკო აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება. ასევე შესაძლებლობა იქნება გადაიგზავნოს და შემოწმდეს ლეპტოპი, რომლის მიმართაც ჩვენ კიდევ გვაქვს უნდობლობა. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ყოველი შემთხვევისთვის მოსამართლის განჩინება არის, რომ ყველა ის, რაც კითხვას აჩენს, ამაზე რეაგირება იქნება გენერალური პროკურატურიდან, რომ კითხვებზე იყოს პასუხი გაცემული“, - თქვა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბარს: „თითქოსდა იმ ვერსია, რომ თვითმკვლელობას აქვს ადგილი".

როგორც ადვოკატი ამბობს, მან და ოჯახის წევრებმა გააცნეს ამ თემაზე საკუთარი პოზიცია: „ეს არის მიზანმიმართული, იქითკენ სწრაფვა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ასეთი აზრი, რომ თითქოს თვითმკვლელობის გარდა აქ არაფერთან არ გვაქვს საქმე. გენერალურმა პროკურორმა ბრძანა, რომ არ არის ეს მისაღები ფორმა, არ შეიძლება, მარტო ერთი ვერსიით მუშაობა და ასეთი ფორმით ამდაგვარი ინფორმაციის გავრცელება. ჩემდა გასაკვირად, სასიხარულო და მისაღები იყო გენერალური პროკურორის განცხადება, რაზეც ზემდგომ პროკურორს ექნება მსჯელობა. დანარჩენი უკვე ექსპერტის დასკვნიდან გამომდინარე თუ დასტურდება, მათი პირობა იყო, რომ იქნება... აბსოლუტურად იმ ვერსიაზე, რომელიც არსებობს, რომ ეს არის ორგანიზებული მკვლელობა და დანაშაული. დეტალურად იქნება გამოძიება. ყველა შეკითხვაზე არათუ შსს, არამედ გენერალური პროკურორი იქნება პასუხის გამცემი. ყველაფერზე იქნება ხელის შემწყობი და ყველა იმ გარემოს შემქმნელი ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურატურა".

გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ ჩაინიშნეს შეკითხვები და უთხრეს, რომ აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა პასუხი.

თამაზაშვილმა ჩამოთვალა მისი შვილის სიკვდილის გამომწვევი ვერსიები, რაზეც პროკურატურა მუშაობს: თვითმკვლელობამდე მიყვანა, თვითმკვლელობის ინსცენირება და მიზანმიმართული მკვლელობა. „[ირაკლი შოთაძე] პირდაპირ ხო არ მეტყოდა, მაგრამ შევატყვე, რომ არ მოეწონა ასეთი ფორმით [თვითმკვლელობაზე მინიშნებით] შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება“, - თქვა თეონა თამაზაშვილმა. მისი თქმით, „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას მიმართეს, რომ შენახული იყოს ის მონაცემები, რაც წაიშალა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გვამის პოვნის შემდეგ მიმდინარე გამოძიებას ეჭვით უყურებენ და საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ. 4 აგვისტოს მათ ამ მოთხოვნით საელჩოსთან აქციაც გამართეს. საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს აუხსნეს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვას თავისი პროცედურები აქვს და მოთხოვნა თანამშრომლობისთვის სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს. ფედერალურ ბიუროს, კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში ჩართვის უფლებამოსილება არ აქვს.

საელჩოსთან გამართული აქციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის საგამოძიებო ფედერალურ ბიუროსთან და ამ თემაზე 5 აგვისტოს სამინისტროში ოჯახთან შეხვედრაც გაიმართა, თუმცა კონკრეტული დეტალები, რა სახით და ფორმით ჩაერთვება გამოძიებაში ამერიკული მხარე, იქნება ეს დახმარება ექსპერტიზაზე, თამარის მფლობელობაში მყოფი კომპიუტერიდან სრული ინფორმაციის ამოღებაში თუ რაიმე სხვა, არ კონკრეტდება, ისევე როგორც ის, თუ რა ვადები დასჭირდება ოფიციალურად თანამშრომლობის გაფორმებას.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ოჯახის სხვა წევრებთან და ადვოკატთან ერთად პროკურატურასთან 6 აგვისტოს, დილიდან მივიდნენ.

ბაჩალიაშვილის დედა აცხადებდა, რომ სურდა გენერალურ პროკურორთან შეხვედრა და მასთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტდა შიმშილობას დაიწყებდა თუ არა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG