Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის მოქალაქის რუსეთისთვის გადაცემას


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა, რუსეთს არ გადასცეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი.

სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნინო ლომჯარიამ ირაკლი შოთაძეს ამ წინადადებით ჯერ კიდევ 3 აგვისტოს მიმართა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში, არის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი, მონაწილეობდა უკრაინელ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 30 იანვარს მიიღო რუსეთის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შესახებ, რომლის მიხედვით, მას ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოდანაშაული.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის გამო პროუკრაინულ განცხადებებს ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას მოჰყავს ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები, რაც ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად.

ლომჯარიას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG