Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა იწყება


მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის,გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა იწყება. 18 აგვისტოს, ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. სასამართლო პროცესი 15 საათზეა დანიშნული.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას. თუმცა, 18 აგვისტოს, სასამართლო ამ ორ ბრალდებულთან მიმართებაშიც მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობაში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებზე იმსჯელებს.

რაც შეეხება განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეს, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 27 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალი 5 პირს 11 აგვისტოს წაუყენა. ესენი არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ასევე 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე. მათგან რვას, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობას. სამს კი, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

11 სრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობას ეხება, 31 აგვისტოსაა დანიშნული.

გამოძიების ვერსია - როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი


განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული ბრალდებულების ადვოკატებს, გამოძიებამ საქმის დამატებითი 3 ტომი გასულ კვირაში გადასცა, თუმცა, მათ გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი და შესაბამისად, არ აქვთ უფლება ილაპარაკობ საქმის მასალებში არსებულ დეტალებზე. ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი, გიორგი გელხაური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმის მასალებში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობას დაამტკიცებს.

რაც შეეხება კიდევ ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებს, მათ გაუთქმელობის პირობას ხელი არ მოაწერეს და საქმის მასალები არ ჩაიბარეს. ბრალდებულს პროკურატურამ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. თუმცა, არჩილ გაგნიძის მიერ დაქირავებული ადვოკატები კვლავ აგრძელებენ მისი ინტერესების დაცვას.

გამოძების ვერსიით, 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს, დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, და მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიების მიზნით, დაბრუნდა თბილისში. თუმცა, თბილისში დაბრუნებულ ჩიქოვანს, ინფორმაციას აწვდიდა წვეულების ადგილზე დარჩენილი ორი მეგობარი.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტერიტორია. მათ შორის, გიორგი შაქარაშვილმაც, რომელიც წვეულებაზე მყოფ ხუთ ახალგაზრდასთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით.

პროკურორის თანახმად, ვახტანგ ჩიქოვანი დაუკავშირდა თბილისში მეგობრებს და დაახლოებით 00:30 საათზე კუთვნილი "ტოიოტა კამრითა" და მერსედესის მარკის ​მანქანით გაემართნენ მცხეთისკენ.

"გიორგი შაქარაშვილსა და ხუთ ახალგაზრდას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვახტანგ ჩიქოვანის ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ".

პროკურორის თქმით, დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის მანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს:

"თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მეორე ავტომობილს, ტოიოტას, გამოძიების თანახმად, „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანით ვახტანგ ჩიქოვანთან ერთად მყოფი პირები, კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისკენ, სადაც კონფლიქტში მონაწილე პირთაგან არავინ დახვდათ. გამოძების ვერსიით, აგარაკიდან წამოსულმა "ტოიტა კამრიმ" გზა გადაუჭრა შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს.

"ავტომანქანიდან ვახტანგ ჩიქოვანთან ერთად გადმოვიდნენ ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დასაღწევად შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვახტანგ ჩიქოვანმა, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვახტანგ ახვლედიანმა სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართულებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში", - აღნიშნავს გამოძიება.

მათივე თანახმად, გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვახტანგ ჩიქოვანი ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ და გზა გადაეღობათ მათთვის. ვახტანგ ახვლედიანი დაიმალა გზის პირას არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო სირბილი:

„გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა", - აღნიშნა პროკურორმა 11 აგვისტოს.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG