Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგნიძის ადვოკატი ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებას „ფანტაზიას“ უწოდებს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი, აბსურდულს უწოდებს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ბოლო, მეხუთე გამოკითხვის ოქმს და ამბობს, რომ მასში მოყვანილი ფაქტები არის არა რეალობა, არამედ ის ფანტაზია, რომელიც გამოძიებას და შაქარაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველს, მირიან ნიკოლაძეს სურს.

„არ ვიცი, რომელი პროკურორის ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს, მაგრამ თუ მივყვებით დეტალურად ამირხანაშვილის ეტაპობრივი გამოკითხვის ოქმებს, ცალსახად დგინდება, რომ სახეზე გვაქვს არსებითი წინააღმდეგობები. პირველი გამოკითხვით, ამირხანაშვილი უთითებს, რომ როდესაც იმალებოდა ფერადი სახლის უკან, მასთან ექვსი პირი მივიდა. დღეს ეს ვერსია არ იყო მისაღები საგამოძიებო ორგანოსთვის და თურმე ჯერ სამი პირი მივიდა, შემდეგ მივიდა ავტომანქანა, შემდეგ დაბლიდან ამოვიდა კიდევ ორი ადამიანი და ეს არის აბსურდი. ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ, ჩვენებიდან გამომდინარე უნდა დგებოდეს ბრალდება და არა ბრალდებიდან გამომდინარე ჩვენებები. მოფიქრებულ იქნა შესაძლო ვერსია და ამ საწყალ ადამიანებს, თითის დაკრულზე რასაც ბრალდების მხარე ეუბნება, ამას აკეთებენ. არ გამოვრიცხავთ, რომ თუ რაიმე დეტალი დასჭირდა გამოძიებას, ეს 3-4 მოწმე აუცილებლად დააზუსტებს ნებისმიერ დეტალს და მიუთითებს, როგორ დაინახეს ძალადობა ან წყალში გადაგდება. ეს იქნება არა რეალობა, არამედ ის აბსურდი, რომელიც გამოძიებას და ბატონ მირიან ნიკოლაძეს უნდა. როდესაც გამოკითხვებს და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს არსებითი წინააღმდეგობა, თუნდაც ერთხელ, ეს ითვლება დაუშვებელ მტკიცებულებად".

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს, რადიო თავისუფლებამ ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის ის მასალები, რომელთა შესახებაც გამოძიებამ ადვოკატებს გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი.

თუკი გურამ ამირხანაშვილის წინა ჩვენებები რიგ ცვლილებებს შეიცავდა და ზოგადი მონათხრობით შემოიფარგლებოდა, მეხუთე გამოკითხვის ოქმში, რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება, ის დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს იმ პირების ვინაობას, გადაადგილებასა და ცალკეულ ფრაზებს, რომელიც მან უკვე გზად თბილისისკენ, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომმა გაიგონა. როგორც გურამ ამირხანაშვილი გამომძიებლებს უხსნის, წინა გამოკითხვებისას ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გარკვეული დეტალების აღდგენა და გახსენება, მხოლოდ მეხუთე გამოკითხვისას შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG