Accessibility links

logo-print logo-print

„პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში უჩივლებენ


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აპირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბილბორდის კანონთან შეუსაბამობა გააპროტესტოს.

საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ ბილბორდზე საქართველოს რუკის კონტურით, რომლიდანაც წითელი ფერით გამოყოფილია აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და აჭარა. ბილბორდზე ასევე გაკეთებულია წარწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“, ამასთან, საფრთხის წარმომავლობის სადემონსტრაციოდ გაკეთებულია თურქეთის მხრიდან აჭარისკენ მიმართული ისრები.

„ეს ფოტო გუშინ გადავიღე ბათუმი-სარფის გზაზე, საქართველო-თურქეთის საზღვრიდან სადღაც 5-10 კილომეტრში. "პატრიოტთა ალიანსის" მიერ აჭარაში ანტითურქული რიტორიკა ახალი არ არის, მაგრამ ეს ბილბორდი იმ კონკრეტულ ადგილას შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს. პარტიის მიერ წინასაარჩევნო მოწოდებებისას შუღლის გაღვივება აკრძალულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტმა, ნინო რიჟამაძემ, რომლის თქმითაც, საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია ვალდებულია, ოფიციალური კამპანიის დაწყების შემდეგ, თავისი სააგიტაციო მასალის (პლაკატების, ბანერების და სხვა) ასლები წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამისი რეკვიზიტების ჩათვლით (ტირაჟი, დამკვეთი, შემსრულებელი და ა.შ.).

„ოფიციალურად კამპანიის დაწყებამდე, ცესკო ან საოლქო კომისია ამ ბილბორდის კანონიერებას ფორმალურად ვერ შეისწავლის. შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებისთანავე ვაპირებთ მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით“, - ამბობს ნინო რიჟამაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG