Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონდიტრო "დონა": კორონავირუსი ჩვენს მეორე ფილიალშიც დადასტურდა


ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული საკონდიტრო "დონა" აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მათ ორივე ფილიალში დადასტურდა. ინფორმაცია თავად საკონდიტრომ გაავრცელა.

"კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში", - აცხადებენ კომპანიაში.

კაფე-საკონდიტრო "დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით გუშინ თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა. მათ კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან. ამ კლასტერში უკვე ინფიცირებული 22 ადამიანია.

"დონასთან" დაკავშირებულ 80 კონტაქტს PCR-ტესტი გუშინ ჩაუტარეს, მათი პასუხები დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ტესტირებას ურჩევს ყველა მოქალაქეს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ საკონდიტროში იმყოფებოდა. ბათუმში უფასო ტესტირება შესაძლებელია ბულვარის კოლონადებსა და არდაგანის ტბასთან, „აჭარული სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ კარვებში. გარდა ამისა, ბათუმში „ანბანის კოშკთან“ დადგეს კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარებენ PCR-ტესტირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG