Accessibility links

„ჯართის შემგროვებელი“ შაქარაშვილის საქმიდან: ყველაფერს ვაღიარებ, ვაცნობიერებ დანაშაულს


„სავსებით ვეთანხმები ბრალდებას, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ბრალდების მხარეს ერთი წამით არ ვეწინააღმდეგები არაფერში, კიდევ ერთხელ ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ, თავს არ ვიმართლებ, არაფერი სამტკიცებელი არ მაქვს, ბრალდების მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიმაჩნია სადავოდ. წავიკითხე მოწმეების ჩვენებები, ყველაფერს ვეთანხმები, აღარ შეაწუხოთ მოწმეები ხელახლა დაკითხვით. გაცნობიერებული მაქვს ჩემი დანაშაული“, - 39 წლის ლევან ყარყარაშვილი, ე.წ. ჯართის შემგროვებელი, პირი, რომელსაც იმ ტერიტორიის გადაწვა ედება ბრალად, სადაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, თითქმის საათნახევარი ცდილობდა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის დარწმუნებას, რომ ის თავს ნამდვილად დამნაშავედ გრძნობს, ბრალდების მიერ, წინასასამართლო სხდომაზე წარდგენილ მტკიცებულებებს სადავოდ არ ცნობს, სრულად ენდობა ბრალდებასა და გამოძიებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელოდება.

მოსამართლის კითხვებზე ყარყარაშვილის პასუხები სწორედ ასე იწყებოდა: „ყველაფერს ვაღიარებ, თავს დამნაშავედ ვცნობ“.

მოსამართლე: „სრულად გადმოგეცათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები?“

ლევან ყარყარაშვილი: „დიახ, სრულად გავეცანი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ“.

მოსამართლე: „ხდით თუ არა სადავოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს?“

ლევან ყარყარაშვილი: „თავს დამნაშავედ ვგრძნობ, არავის არაფერს ვედავები“.

მოსამართლე: „თუკი ახლა სადავოდ არ გახდით ამ მტკიცებულებებს, მაშინ, საქმის არსებითი განხილვისას, ამას ვეღარ მოახერხებთ“.

ლევან ყარყარაშვილი: „ვამბობ, დამნაშავე ვარ-მეთქი, ყველაფერში ვენდობი ბრალდების მხარეს, საპროცესო შეთანხმებაზეა ლაპარაკი. არაფერს ვხდი სადავოდ“.

მოსამართლე: „თქვენ ხომ არ გაქვთ წარმოდგენილი დაცვის მხარის მტკიცებულებები?“

ლევან ყარყარაშვილი: „რა უნდა წარმომედგინა, ხომ ვამბობ, თავს დამნაშავედ ვთვლი, რა უნდა ვამტკიცო“.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 2 სექტემბერს, ლევან ყარყარაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა შედგა. სხდომა დისტანციურად წარიმართა. ბრალდებული სასამართლო დარბაზს პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაერთო. ლევან ყარყარაშვილს არ ჰყავს ადვოკატი. ბრალდების მხარის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და საკუთარ უფლებებს თავადვე დაიცავს.

ლევან ყარყარაშვილი წარსულში ნასამართლევია. სასჯელი მან 126-ე პრიმა და 143-ე მუხლებით მოიხადა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრზე ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. საპატიმროში მან ოთხი წელი გაატარა.

თუკი ივლისის დასაწყისში, მაშინ, როდესაც მცხეთის მაგისტრალზე მდებარე ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორია დაიწვა, ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლით, ანუ სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებისა და განადგურების მუხლით აღიძრა, 2 სექტემბერს, რადიო თავისუფლებისათვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდება ლევან ყარყარაშვილს არა სხვისი ქონების დაზიანებას, არამედ ქურდობის მცდელობას, ანუ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო და ფარული დაუფლების მცდელობას ედავება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება ე.წ. ფერად შენობასთან, მიწაზე დაგდებულ, დაზიანებულ რკინის ბოძს, რომლის მფლობელიცაა შპს. „ელიტ ჯორჯია“ და რომლის დანაწევრება და შემდეგ ჯართად გაყიდვა, ლევან ყარყარაშვილმა 4 ივლისს გადაწყვიტა. გამოძიების თანახმად, ელექტრო ხერხის გამოყენების შედეგად წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გააჩინა ტერიტორიაზე ხანძარი. გამოძიების ვერსიის თანახმად, ხანძრის გაჩენის შემდეგ, ლევან ყარყარაშვილი ტერიტორიიდან მიიმალა. ლევან ყარყარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 16 ივლისს შეეფარდა.

პროკურატურამ ჯერ კიდევ ივლისში განუმარტა რადიო თავისუფლებას, რომ ლევან ყარყარაშვილის საქმე არანაირ კავშირში არ იყო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან და გამოძიება ამ საქმეზე დამოუკიდებლად მიმდინარეობდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, 2 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ისე, რომ არც ბრალდების მხარესა და არც მოსამართლეს, ლევან ყარყარაშვილისთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამს შაქარაშვილის საქმის შესახებ, მან ორჯერ ახსენა 19 წლის ფეხბურთელის საქმე და ის ცდილობდა დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირთან, მას არანაირი კავშირი არ აქვს:

„შაქარაშვილის თემას ვარ მიბმული, იკვლევდა პროკურატურა, რამე კავშირი ხომ არ მქონდა, მაგრამ არაფერი ვიცი იმ ბრალდებულების შესახებ“.

ლევან ყარყარაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ბოძის დახერხვისა და მისი ჯართად გამოყენების მცდელობის მისეული ვერსია უამბო:

„მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვედი, ცხოვრება ვერ ავიწყვე. სამუშაო ვერ ვიშოვე. მერე ვიფიქრე, სესხს ავიღებ და ხილ-ბოსტნის მაღაზიას გავხსნი-მეთქი, მაგრამ ესეც არ დამცალდა. 8 ივლისს ჩემი შვილის დაბადების დღეა. მთხოვა, საჩუქარი მიყიდეო. ვიცოდი, რომ მცხეთის გზაზე ეგდო ჟანგიანი მილი, ვნახე და გამოვითვალე, რომ ამ ბოძის ჯართად ჩაბარების შემთხვევაში, ზუსტად იმდენს გადამიხდიდნენ, რამდენიც შვილის საჩუქრის საყიდლად მეყოფოდა. სახინკლეში წავალთ-მეთქი ერთად. აი, მხოლოდ და მხოლოდ, ეს მიზეზი მქონდა, რისთვისაც იქ მივედი. ეს არის და ეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან ყარყარაშვილი მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 5000 ლარიან გირაოს სთხოვდა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია ლევან ყარყარაშვილის კვლავ პატიმრობაში დატოვების შესახებ და საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.

ლევან ყარყარაშვილის საქმის ერთ-ერთი პროკურორი ნათია კიკალია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რაკიღა 2 სექტემბრის სხდომაზე, მხარეების მიერ ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული, არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო სხდომაზე გადაწყვეტილება გამოცხადდეს.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, რომელიც, ლევან ყარყარაშვილმა სხდომის მსვლელობისას არაერთხელ ახსენა, ნათია კიკალია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საპროცესო შეთანხმების შესახებ ბრალდებასა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს:

„ბრალის წარდგენისა და საპროცესო მოქმედებების დროს, ლევან ყარყარაშვილს სრულად განემარტა მისი უფლებები, მათ შორის, ისიც რომ უფლება აქვს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოოს ბრალდების მხარესთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას არ ჰყავს ინტერესების დამცველი, ადვოკატი და შესაბამისად, მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მასთან, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმების პროცესში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. მისი უფლებაა, შესაბამისი განცხადებით მომართოს ბრალდების მხარეს, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე, მსგავსი სახის განცხადება ლევან ყარყარაშვილს საგამოძიებო ორგანოში არ წარმოუდგენია“.

ლევან ყარყარაშვილის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან შესაძლო კავშრის შესახებ კი ნათია კიკალია ამბობს, რომ ამ ორ საქმეს შორის, ამ ეტაპზე, არანაირი ბმა არ იკვეთება:

„შაქარაშვილის საქმეზე, შემთხვევის ადგილს წარმოადგენს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა საავტომობილო მხარე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბრალდებულმა ლევან ყარყარაშვილმა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება. სხვა რაიმე გარემოება, შაქარაშვილის საქმისა და ამ საქმის ერთმანეთთან კავშირი დადგენილი არ არის. შესაბამისად, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდების მხარე ვერ დაადასტურებს, რომ ამ საქმეებს ერთმანეთთან კავშირი აქვს. საქმეში არსებული მასალებით ეს ფაქტი არ დგინდება“.

ლევან ყარყარაშვილის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15 სექტემბერს შედგენა.

შეგახსენებთ, გამოძიება იმ ტერიტორიის დაწვის ფაქტზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, 7 ივლისს დაიწყო. თუმცა, ხანძარი იქ 4 ივლისს, დილის საათებში გაჩნდა.

როგორც შსს-მ 7 ივლისს განმარტა, შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დათვალიერების ოქმის თანახმად, ტერიტორიის შესწავლა, სადაც საქმის მთავარი მოწმეები აფარებდნენ თავს, ანუ, ფერადი შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგის შესწავლა, გამოძიებამ ინციდენტის ღამიდან 10 დღის თავზე, 29 ივნისს გადაწყვიტა. ნიადაგის ნიმუშების აღებიდან ხუთ დღეში კი, აღნიშნულ ტერიტორიას ცეცხლი წაეკიდა.

დათვალიერების ოქმში ვკითხულობთ, რომ გამომძიებლებმა ნიადაგის ნიმუშები აიღეს იმ ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის შავი წელის ჩანთა იპოვეს. ასევე იმ ტერიტორიიდან, სადაც იმალებოდა გურამ ამირხანაშვილი. ნიადაგის ნიმუშია აღებული იმ ბუჩქების მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი იმალებოდა და ასევე, მოწმე გიორგი ქათამაძის სამალავი ტერიტორიიდან.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების ნაწილსა და გამომძიებელ ჟურნალისტებს, ამ ტერიტორიის დაწვასთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ და ეჭვობენ, რომ ტერიტორია არა შემთხვევით, არამედ განზრახ, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით არის გადამწვარი.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა და დამალვა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა. 4 დღის თავზე კი ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG