Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ერთი პირი დააკავეს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

განცხადება გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის წარმოჩენისათვის, მედიასაშუალებას მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი:

„თითქოსდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სეირნობისას, შეესწრო ოთხი უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმესთან. მისი თქმით, თითქოსდა, საუბრისას ნახსენები იყო, შაქარაშვილის და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი. ასევე, თითქოს, საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე“.

პროკურორის ინფორმაციით, ვ.ა. საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც, გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შემთხვევის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით. ხოლო, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა შეესწრო ოთხი უცნობი პირის საუბარს:

„ვ.ა.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაუყოვნებლივ ჩატარდა ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს“.

ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

19 წლის ქალმა გამოძიებას პირველი ჩვენება 20 ივლისს მისცა. როგორც ის გამოკითხვის ოქმში ამბობს, ოთხი პირის საუბარი მან 15 ივლისს მოისმინა. ამის შემდეგ მან შაქარაშვილის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია და გადაწყვიტა დაკავშირებოდა ჟურნალისტ ელისო კილაძეს:

"დავურეკე მას და მკითხა, ინტერვიუს თუ მომცემო. ასევე მკითხა, ვაპირებდი თუ არა თანამშრომლობას გამოძიებასთან. ვუთხარი, რომ ვაპირებდი და მითხრა, მაშინ ჯერ ჩვენ მოგვეცი ინტერვიუ და მერე დამერეკა 112-ში. მე იმ დღესვე წავედი ზუგდიდში. ელისო კილაძემ დამირეკა და მითხრა, რომ "ფორმულას" ჟურნალისტი მოვიდოდა ჩემთან. 17 ივლისს ჩამომაკითხა ჟურნალისტმა, რომელსაც მოვუყევი ანალოგიური, რასაც აქ ვლაპარაკობ და 18 ივლისს დავრეკე 112-ში".

პროკურორის თქმით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG