Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს


ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელ ტურისტზე ადგილობრივი მამაკაცის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი გამოვლინდა - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პირად საუბრებში დაუდასტურეს ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მათი ინფორმაციით, შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა.

რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია შს სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში გვიპასუხეს, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შს სამინისტრო დეტალებს არ აკონკრეტებს.

ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლების თქმით კი, გერმანიიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იმყოფებოდა, სადაც მოხდა კიდეც ქალზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციელები ნაკრძალში 5 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ.

ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სულამანიძე ოფიციალურ კომენტარში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ინციდენტი მოხდა და თუ პოლიციელები გამოკითხავენ, ეტყვის იმას, რაც იცის.

სულამანიძე რადიო თავისუფლებასთან დეტალებზე არ ლაპარაკობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG