Accessibility links

პროკურორი: ის, რომ ბრალდებულების ტანსაცმელზე შაქარაშვილის კვალი არ არის, არაფერს ნიშნავს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ფარგლებში დანიშნული რამდენიმე ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. მათ შორის, ცნობილია, მიკრონაწილაკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხები, რომელთა თანახმადაც, არ დასტურდება მკვლელობაში ბრალდებული პირებისა და გიორგი შაქარაშვილის ერთმანეთთან შემხებლობა. უფრო ზუსტად კი, გიორგი შაქარაშვილის სხეულიდან აღებულ ნიმუშებზე არ აღმოჩნდა ბრალდებულების ბიოლოგიური კვალი, ისევე, როგორც ბრალდებულების ტანისამოსზე არ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმლის ნაწილაკები.

საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ექსპერტიზის ეს დასკვნები, არ ნიშნავს, იმას, რომ ბრალდებულები უდანაშაულონი არიან და მათ მართლაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ გიორგი შაქარაშვილთან. მისი თქმით, ის, რომ გარდაცვლილისა და ბრალდებულების ტანსაცმელზე ერთმანეთის სამოსის მიკრონაწილაკები და ასევე ბიოლოგიური პროფილი არ აღმოჩნდა, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ გვამი ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალქვეშ და დიდი ალბათობით, წყალმა წაშალა ყველანაირი კვალი და მეორე, პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულებმა გამოძიებას გარეცხილი ტანსაცმელი გადასცეს:

„მთავარი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა ბრალდებულების ტანსაცმლის მიკრონაწილაკები. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არც ველოდით, რომ მის ტანსაცმელზე რაიმე კვალი აღმოჩნდებოდა. როდესაც ადამიანი წყლის ქვეშ იმყოფება ამ ხნის მანძილზე, წყალი ამუშავებს ადამიანის სხეულს, ტანსაცმელს, მათ შორის, ფრჩხილებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, წყლით იშლება, როგორც დნმ კვალი, ისე მიკრონაწილაკების კვალი. რაც შეეხება ბრალდებულების ტანსაცმელსა და მათზე გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიურ პროფილს, დიახ, ბრალდებულების ტანსაცმელზე, არ აღმოჩნდა გარდაცვლილის დნმ პროფილი, თუმცა, აქაც ვიტყვი, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ტანსაცმელსა და სხეულზე ნამდვილად არ იყო გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური კვალი. ეს ადამიანები, მომხდარი ფაქტის შემდეგ წავიდნენ სახლებში, მათ ფრჩხილებიც კი ძირში წაიჭრეს, რომ ანაწმენდები ვერ აგვეღო და რომელი დნმ-ს დატოვებაზე იყო საუბარი, ვინ დაიტოვებდა სხეულზე რაიმე კვალს. მათ ტელეფონებიდანაც კი წაშალეს ყველა ის ინფორმაცია, რაც იმ დღეებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, რატომ დატოვებდნენ ეს ადამიანები საკუთარ ტანსაცმელზე გიორგი შაქარაშვილის კვალს, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა უშუალოდ მათთან კონტაქტზე“.

პროკურორი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულები კარგად მოემზადნენ ყველა კვალის წასაშლელად, იქნებოდა ეს ბიოლოგიური კვალი თუ მიკრონაწილაკური:

„ისევ ფრჩხილებზე რომ შევჩერდეთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირებისგან, მათ შორის, აგარაკის ჩხუბში და შემდეგ უკვე მცხეთის გზაზე, თავდასხმაში მონაწილე პირებისგან, მხოლოდ რამდენიმესგან ავიღეთ ფრჩხილის ანაწმენდები, დანარჩენს ყველას დაჭრილი ჰქონდა ფრჩხილები. წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ეს ღონისძიებები განხორციელდებოდა და მათ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ გამოძიებასთან თანამშრომლობისა და რეალობის დადგენისა“.

ბრალდების მხარემ, სამხარაულის ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნები, სასამართლოს, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებები, არ გადასცა. მათ ბიუროსგან მიღებული დასკვნები ბრალდებულთა ადვოკატებს გაუზიარეს. დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ეს დასკვნები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში არ იყო და სწორედ ამიტომ არ დაურთეს დოკუმენტები საქმის მასალებს:

„ბრალდების მხარეს სასამართლოში მიაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც თვლის, რომ საქმესთან შემხებლობაშია, მაგალითად, ადასტურებს რაიმე ფაქტს და ა.შ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს მტკიცებულებები მკვლელობის საქმესთან არ იყო შემხებლობაში. ეს მტკიცებულებები მკვლელობის ნაწილში არაფერს ადასტურებდა. არ ადასტურებდა იმას, რომ ეს მკვლელობა ჩადენილია ამ პირების მიერ, ან არ არის ჩადენილი მათ მიერ. მირკონაწილაკური ექსპერტიზა, ზოგადად, ისედაც სავარაუდო ექსპერტიზად ითვლება. მე და თქვენ მსგავსი შეფერილობისა და ქსოვილის ტანსაცმელი რომ გვეცვას, შესაძლებელია, ჩემი ტანსაცმლის მიკრონაწილაკი გადავიდეს სხვა ადამიანის ტანსაცმელზე და ექსპერტმა დაწეროს, რომ ეს მიკრონაწილაკი მეკუთვნის არა მე, არამედ თქვენ. აქედან გამომდინარე, ეს ექსპერტიზა ვერაფერს ადასტურებს და ამიტომაც არ წარვადგინეთ სასამართლოში. თუმცა, ცხადია, ყველა ადვოკატს გადავეცით ეს მტკიცებულებები და მათ ისევე შეუძლიათ ამ მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, როგორც ჩვენ შეგვეძლო. ჩვენ ეს მტკიცებულებები დაცვის მხარისთვის არ დაგვიმალავს. პირიქით, იმიტომ მივეცით, რომ თუკი ეს მტკიცებულებები დასჭირდებათ, გამოიყენონ“.

შეგახსენებთ, რადიო თავისუფლებას 7 სექტემბერს მიაწოდა ინფორმაცია მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა, რომ ცნობილი იყო ექსპერტიზის შედეგები, რომელთა თანახმადაც ბრალდებულებისა და გარდაცვლილის ერთმანეთთან კავშირი არ დასტურდებოდა და ეს დასკვნები მათ უკვე გადასცეს სასამართლოს, როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებები.

რაც შეეხება ექსპერტიზის სხვა პასუხებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს, დავით ყაზარაშვილის თქმით, გამოძიება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან კვლავ ელოდება ბიოლოგიურ და ქიმიურ ექსპერტიზებს, თუმცა, შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულების ნაწილში, ექსპერტიზები დასრულებულია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულთა ნივთმტკიცებების, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, მობილური ტელეფონების ამოღება, გამომძიებლებმა დაიწყეს ინციდენტიდან, თითქმის ორი დღის თავზე, 20-21 ივნისის ღამეს.

მაგალითად, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომი მგზავრის, არჩილ გაგნიძის მწვანე ფერის კამუფლირებული მაისური, „ნაიკის“ შორტი და „ადიდასის“ ბოტასები, გამოძიებამ მისგან 20 ივნისს, საღამოს 23 საათისთვის მიიღო, მას შემდეგ, რაც მცხეთის პოლიციაში მისი გამოკითხვა დასრულდა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის მაისური, „ადიდასის“ შავი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი კი გამოძიებამ ამოიღო 21 ივნისს.

ასევე 21 ივნისს წაიღეს ექსპერტიზაზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ვასილ მახარაძის ნივთები - ლურჯი მოკლესახელოიანი მაისური, „ადიდასის“ ფირმის ბოტასები და „ნაიკის“ შორტები.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძისა და ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილი ოჯახის წევრები, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნებიან, რომ ბრალდებულების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც მათ ინციდენტის ღამეს ეცვათ, არ გაურეცხავთ და ბრალდებულებმა ტანსაცმელი საკუთარი ხელით მიიტანეს გამოკითხვაზე.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე მთლიანობაში 28 ტომს მოიცავს. მათგან 12 ტომი კი კონკრეტულად გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტს ეხება.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG