Accessibility links

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები: სწორ გზას ვადგავართ და ამ სწორ გზას ბოლომდე გავიყვანთ


გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი აცხადებენ, რომ ისინი თავად შეისწავლიან, თუ რა გზები უკავშირდება ადგილს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს, ხოლო 23 წლის პროგრამისტი გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატები ეჭვობენ, ამ გზაზე ბაჩალიაშვილი ვიღაცამ მიიყვანა სხვა, მეორეხარისხოვანი გზით, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული.

„ჩვენ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგვიდასტურა, რომ ეს შესაძლებელია, ასეთი გზა არსებობს. რამდენიმე ადამიანმა კი პირდაპირ მიგვითითა, თქვენ სწორ გზაზე დგახართო. ნამდვილად არ ვაპირებთ პროკურორებთან ერთად კაბინეტებში ჯდომას და ვიღაცების გამოკითხვის ოქმების კითხვას. მე და ქალბატონმა ეკამ გადავწყვიტეთ, ფეხდაფეხ გამოვიკვლიოთ ის ადგილები, სადაც მიგვითითეს“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის სიტყვებით კი, გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები. მისი განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის დრონით ძებნა არაეფექტიანი იყო, რადგან, მისი თქმით, ძებნის პროცესის მხოლოდ 30 წუთია გადაღებული, სადაც დაფიქსირებულია არა უშუალოდ გზები და მიმდებარე ტერიტორია, არამედ მთები და მიუვალი ადგილები.

„ჩნდება დასაბუთებული და სამართლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ დრონის ჩანაწერებში მიზანმიმართულად არის გადაღებული მოკლე მონაკვეთი ალიბისთვის, თითქოს ადგილზე ავტომობილი არ იყო“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

მისივე თქმით, გამოძიება საფუძვლიანად არ დაინტერესებულა იმ ადგილით, რომელიც ანონიმურმა წყარომ ელისო კილაძეს მიაწოდა.

„იქნებ მართლაც რაიმე მნიშვნელოვანი იყო იმ ადგილზე და მართლაც რაღაც მნიშვნელოვანს მალავდა ის ხალხი, რომლებიც იმ ადგილზე ცხოვრობდნენ? ისინი არავის გამოუკითხავს. ვგულისხმობ იმ ადგილს, რომელიც ანონიმურმა წყარომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს ჩაუგდო. ეს არის ვილა, ჩვეულებრივი სახლი, რომელსაც უკან საკალმახეები აქვს“, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა და 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG