Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი "ბოტებზე", "ფეიკნიუსებსა" და სიძულვილის ენაზე - 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიების ქცევის კოდექსი


უკვე ორი დღეა, რაც პოლიტიკურ პარტიებს საშუალება აქვთ, ხელი მოაწერონ 2020 წლის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ შემუშავებულ პარტიების ქცევის კოდექსს და გამოხატონ მზაობა არჩევნების ღირსეულად ჩასატარებლად და ამომრჩეველთა უფლებების პატივსაცემად. დოკუმენტზე ხელმოწერის კონკრეტული თარიღი არ არსებობს.

დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერი პარტიები დებენ პირობას რომ:

  • აწარმოებენ საგნობრივ, პროგრამაზე და საკითხებზე ორიენტირებულ საარჩევნო კამპანიას, პატივს სცემენ კონკურენტების ღირსებას და თავს შეიკავებენ პიროვნული შეურაცხყოფისგან;
  • ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას;
  • არ გამოიყენებენ და განზრახ არ გაავრცელებენ უკანონოდ მოპოვებულ ან/და ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ;
  • არ გამოიყენებენ ე.წ. ბოტების ქსელს პოლიტიკურ ოპონენტებზე ელექტრონულ სივრცეში პოლიტიკური ან პერსონალური თავდასხმის მიზნით;
  • არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო პროცესში უპირატესობის მოსაპოვებლად;
  • საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თავს შეიკავებენ ისეთი საჯარო გამოსვლების, რომელიც გულისხმობს ცილისწამებას, ღალატის, ტერორიზმის, ან სხვა დანაშაულის დაბრალებას, ასევე, რომელიც წაახალისებს სიძულვილს, დაპირისპირებას და კონფლიქტს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით;
  • თანხმდებიან, რომ ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის ან/და შევიწროების გარეშე;
  • არ შეუშლიან ხელს ამომრჩეველს საარჩევნო პროცესში მონაწილეობასა და თავისუფალი ნების გამოვლენაში;
  • აწარმოებენ ინკლუზიურ საარჩევნო კამპანიას, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც თანაბრად ექნებათ ქალებს, ახალგაზრდებს და მოწყვლად (დაუცველ/ნაკლებად დაცულ) ჯგუფებს;
  • არ ეცდებიან ამომრჩევლების ან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მოსყიდვას;
  • არ დაუშვებენ აქტივისტების მიერ ამომრჩევლისთვის მითითებას, ფოტო გადაუღონ კაბინაში ბიულეტენს;
  • წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ზედმიწევნით დაიცავენ სოციალურ დისტანციას და კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს. ხელის მოწერა გადაწყვიტა ოპოზიციურმა ერთობამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG