Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად, როგორ, რა ფასად შეგიძლია გაიკეთო PCR ტესტი?


video grabn+
video grabn+

COVID19-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, იმატა PCR ტესტირების მსურველთა რაოდენობამაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 17 სექტემბერს, საქართველოში, 12 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა. ტესტირებულ პირთა ნაწილი, სავალდებულო ტესტირების წესს დაექვემდებარა, მათ შორის, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ე.წ. წითელ ზონაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები, „ცხელების ცენტრებში“, სამედიცინო დაწესებულებებში, ცხელებით მოხვედრილი პაციენტები, ექიმები, საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, მძღოლები და ა.შ. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებიც სავალდებულო ტესტირების წესს არ ექვემდებარებიან, მათ საკუთარი სურვილით ჩაიტარეს ტესტი COVID19-ზე.

როგორია სავალდებულო და საკუთარი გადაწყვეტილებით ტესტირებულთა თანაფარდობა, ეს მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებში არ არის ასახული.

კლინიკები და ლაბორატორიები - როგორ გაიკეთოთ PCR ტესტი?


თუკი პირი სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს არ ექვემდებარება, მაგრამ სურს გაიკეთოს ტესტი, ამ შემთხვევაში, მან თავად უნდა მიმართოს იმ ლაბორატორიებს, სადაც PCR ტესტირება ტარდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, ქვეყნის მასშტაბით, ასეთი 25 ლაბორატორიაა.

  • ტესტის ღირებულება 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პასუხის ვადებს;
  • პასუხების მიღების ვადა 24-48 საათია. დაჩქარებული პასუხის მოთხოვნის შემთხვევაში, იზრდება თანხა, თუმცა, მცირდება დრო და ნაცხის აღებიდან რამდენიმე საათში, პასუხი მზადაა;
  • ზოგიერთ ლაბორატორიაში, PCR ტესტის ასაღებად, წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. ცოცხალი რიგითაც.
  • ზოგიერთი ლაბორატორია უზრუნველყოფს ბინაზე მომსახურებასაც.

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, 600-მდე PCR ტესტი გამოიკვლიეს. კლინიკის ლაბორატორიაში მუშავდება როგორც თავად „ნიუ ჰოსპიტალში“ აღებული ტესტები, ისე სხვადასხვა კლინიკიდან შესული ნიმუშები.

გიორგი კორძახია, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მთავარი ექიმი და კლინიკური დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებით იკეთებს PCR ტესტს:

„ლაბორატორია ემსახურება როგორც სავალდებულო ტესტირების წესს დაქვემდებარებულ პირებს, ისე მათ, ვისაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება არ აქვს და თავისი სურვილით იკეთებს ტესტს. ჩვენს კლინიკაში ტესტის ჩასატარებლად, წინასწარ ჩაწერა არ არის საჭირო. ტესტის ღირებულება შეადგენს 120 ლარს. პასუხი კი 24 საათშია მზად. რაც შეეხება ტესტირების მსურველთა რაოდენობას, შესაძლოა, შედარებით მეტი ადამიანი იყოს დღის პირველ ნახევარში, 3 საათამდე, თუმცა, ამას რიგებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თავად ტესტის აღების პროცედურა საკმაოდ მცირე-ხნიანია, თუმცა, უსაფრთხოების ზომებია დასაცავი და ამიტომ, ყველა წესის დაცვით უნდა ჩატარდეს პროცედურა. შესაძლოა, ამის გამო გაჩნდეს განცდა, რომ თითქოს რიგში უწევთ დგომა, მაგრამ რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცდის პერიოდი, ნამდვილად არ არის ხანგრძლივი“.

ბინაზე მომსახურების სერვისს სთავაზობს PCR ტესტირების მსურველებს ლაბორატორია „ციტო“. თუმცა, ამ შემთხვევაში, ტესტის ღირებულება 200 ლარს შეადგენს. პასუხის დამზადების მაქსიმალური დრო 24 საათია. ტესტის გაკეთების მსურველებს წინასწარ, მაგალითად, ერთი კვირით ადრეც უწევთ თადარიგის დაჭერა. თუმცა, როგორც ლაბორატორიის COVID-პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ ჯამაგიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, აუცილებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიული ჯგუფი, შესაძლოა, იმავე დღესაც მოემსახუროს პაციენტს:

„რა თქმა უნდა, დილაობით არის ზარები, რომ დღეს ესაჭიროებათ ტესტის ჩატარება და ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, ფიზიკურად ვერ ასწრებს ლაბორატორია მისამართზე მისვლას და მაქსიმუმ, მეორე დილისთვის ვნიშნავთ ტესტს“.

გამოცდილება - ვინ როგორ გაიკეთა PCR ტესტი?


ირაკლი გაფრინდაშვილმა და მისმა ცოლმა, PCR ტესტი რამდენიმე დღის წინ, „ნეოლაბში“ გაიკეთეს. ტესტის პასუხები იმავე საღამოს მიიღეს:“

„ჩემს ცოლს ჰქონდა სიცხე. შეგვეშინდა და ტესტის აღება გადავწყვიტეთ. „ნეოლაბში“ მივედით. პატარა რიგი იყო. დაახლოებით 10 წუთი ვიდექით. თვითონ პროცედურა საკმაოდ ხანმოკლეა. პასუხები იმავე საღამოს მივიღეთ. კოვიდი არ აღმოგვაჩნდა“.

„ნეოლაბს“ მიმართა ტესტის გასაკეთებლად ანდრო დადიანმაც. თვითიზოლაციის ბოლო დღეს მას ე.წ. სავალდებულო ტესტის ჩატარება უწევდა, შესაბამისად, მას ტესტის საფასური არ გადაუხდია. თუმცა, მასთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან, ტესტის ღირებულების გადახდა მოსთხოვეს:

„რომ ჩამოვედით, პირველი ტესტი უფასოდ აუღეს. თუმცა, განმეორებით ტესტზე უკვე თანხა მოითხოვეს. 200 ლარი ღირდა ტესტი, ჯამში 800 ლარი უნდა გადამეხადა, ამიტომ მათ ტესტი აღარ ავუღე. მე ტესტი ორი დღის წინ გავიკეთე, თუმცა, პასუხი, ჯერჯერობით, არ ვიცი, აქამდე არავინ დამკავშირებია. ალბათ უარყოფითია და ამიტომ არ შემატყობინეს აქამდე“

„ევექსში“ გაიკეთა ტესტი ანა გრემელაშვილმა. იქ ოჯახის ექიმმა გადაამისამართა. მისი ტესტის ღირებულება სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა:

„ფარინგიტი მაქვს. ყელი ხშირად მტკივა, თუმცა, ერთ საღამოს დაბალი ტემპერატურაც მქონდა და შემეშინდა. ოჯახის ექიმმა მითხრა, მაინც გადავამოწმოთო. კარგია, რომ რიგში დგომა არ მომიწია, მხოლოდ მე ვიყავი. პასუხი მეორე დღეს მივიღე, საბედნიეროდ, უარყოფითი“.

სალომემ და მისმა შვილმა PCR ტესტი „მედკაპიტალში“ გაიკეთეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელმა აუხსნა რადიო თავისუფლებას, მათი ლაბორატორია მხოლოდ აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ პირებს და ასევე, პედაგოგებს ემსახურება.

ლუგარის ლაბორატორიაში გაიკეთა PCR ტესტი, სამი დღის წინ, რუსუდანმა: „ხალხი იყო, მაგრამ ბევრი არა. დაახლოებით 30 წუთი ველოდი ჩემს რიგს. პრობლემა არ შემქმნია. ცოტას კი ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“.

სად შეგიძლიათ ჩაიტაროთ PCR ტესტი?


თუკი თქვენ არ ექვემდებარებით სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს, მაშინ PCR ტესტი, საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ კლინიკებში: „ულტრამედი“, „მედისონი“, „მედკაპიტალი“, „ნეოლაბი“, „ციტო“, „ევექსი“, „გორმედი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, „ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“, „ონის სამედიცინო დაწესებულება“, „ზუგდიდი ინფექციური საავადმყოფო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG