Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები


რუსეთის სამხრეთში დაიწყო სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2020“, რომელშიც 80 ათასამდე სამხედრო პირი მონაწილეობს. მათ შორის ეროვნული გვარდიის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური დანაყოფებიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობისთვის მიწვეულია სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმის და პაკისტანის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ რეგიონებში მდებარე პოლიგონებზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია 250-მდე ტანკი, 450-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და 200-მდე საარტილერიო და რეაქტიული სისტემა. სწავლება, რომელიც 26 სექტემბერს დასრულდება, მოიცავს შავ და კასპიის ზღვებსაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლებისას დამუშავდება რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოთა კოალიციის ძალების გამოყენების საკითხები.

დამკვირვებლებად მიწვეულნი არიან აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და შრი-ლანკის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG