Accessibility links

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა და კოვიდ-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან ყველაზე მეტი, 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 2 თბილისში და ერთიც სამეგრელოში.

რაც შეეხება სტატისტიკას ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 10-დან 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1 შემთხვევა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 შემთხვევა კი დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

რაც შეეხება დანარჩენ 3 შემთხვევას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შსს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში და 1-იც გამოუვლინდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ტესტები აუღეს. შენობებს კი, სადაც ეს პირები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, უკვე ჩაუტარდათ სრული დეზინფექცია.

შსს იტყობინება, რომ 13-ვე ინფიცირებულს შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 193 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3695-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1534. COVID-19-ით გარდაცვლილია 20 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG