Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმირება


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელების აუცილებლობას ხედავს. ამ შინაარსის განცხადება იენს სტოლტენბერგმა გააკეთა 29 სექტემბერს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ხაზი გავუსვი სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელების მნიშვნელობას და ასევე უსაფრთოების სერვისებზე სრული დემოკრატიული კონტროლის უზრუნველყოფას. საქართველოს აქვს პროგრესი ყველა ამ სფეროში. ჩვენ ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ რეფორმების გაგრძელებას“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი თვლის, რომ სწორედ რეფორმებზე გადის საქართველოს გზა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად. მისი განცხადებით, ნატო საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებას მოელის.

„მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმების განხორციელების კუთხით. თქვენმა ქვეყანამ მიაღწია კარგ პროგრესს საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების საქმეში.

მე მოგიწოდებთ, განაგრძოთ ყველა შესაძლებლობის სრულად გამოიყენება, ნატოსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად და წევრობისთვის მოსამზადებლად.

მოველით, რომ საქართველო უზრუნველყოფს მომავალ თვეში დაგეგმილი არჩევნების უმაღლესი საერთშორისო სტანდარტებით ჩატარებას. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ნატოსთვის“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის „გააგრძელოს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით“ და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG