Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა


უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

საგამოძიებო უწყებამ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის განცხადებიდან დაზუსტებით არ ჩანს, სავარაუდო დანაშაული, როდის არის ჩადენილი.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც 24 სექტემბერს თბილისში, გამართულ შეხვედრაზე ილაპარაკეს საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები, დოკუმენტები და ექსპერტული დასკვნები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.

ზალკალიანის განცხადებით, ახალმა გარემოებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს 2006-2007 წლების შეთანხმების გადახედვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. როგორც ზალკალიანმა თქვა, ორივე მხარეს საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომა აქვს.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.

დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. ქართველმა სასულიერო და სამოქალაქო პირებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG