Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მინისტრი სააკაშვილისთვის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევას მოითხოვს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა გადაწყვეტილება მიიღო, ერევნის სახელწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიმართოს თხოვნით, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ არუთიუნიანმა ფეისბუკში დაწერა საკუთარ გვერდზე.

არუთიუნიანი ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ სააკაშვილი „იწონებს აზერბაიჯანის ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ.“

არუთიუნიანმა იგულისხმა მიხეილ სააკაშვილის მიერ ორშაბათს ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მხარდაჭერა გამოუხატა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას:

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია. ის ემყარება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მთიანი ყარაბაღი ყოველთვის იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია და ამას ვერაფერი შეცვლის. ცხადია, ყველას, ვინც რეგიონიდან განდევნეს, უფლება აქვს შინ დაბრუნდეს და იმათ, ვინც უკვე ცხოვრობს იქ, აქვთ მშვიდობიანი ცხოვრების უფლება და მათი უფლებები უნდა დაცულ იქნეს,“ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „ჩვენი ურთიერთობები ისეთი უნდა იყოს, როგორიც ბალტიის ქვეყნებს შორისაა. მხოლოდ გარეშე ძალები არიან დაინტერესებული ჩვენს დაყოფასა და ჩვენს მართვაში და ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ!“

მეოთხე დღეა გრძელდება ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის. საბრძოლო მოქმედებები, რომელთა განახლებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთს აბრალებენ, 27 სექტემბერს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ორივე მხარეს დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG