Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის „საელჩოს“ გახსნას უკანონოდ აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტრო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, სირიაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა იმ უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს, რითიც კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

„მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია სირიაში იმყოფება. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკში აფხაზეთის „საელჩო“ დღეს უნდა გაიხსნას.

აფხაზურ დელეგაციაში, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია ხელმძღვანელობს, არიან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ე.წ. პარლამენტის წევრი ომარ ჯინჯოლია, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ფილია და სხვა პირები. სააგენტოს ცნობითვე, დელეგაციის წევრები სირიის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.

საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს ევროკავშირმა, ეუთომ, გაერომ, ნატომ და მსოფლიოს რამდენიმე ათეულმა სახელმწიფომ.

XS
SM
MD
LG