Accessibility links

ISFED: ოპოზიციის დისკრედიტაციაზე მომუშავე FB-კამპანიის უკან ია მეტრეველის ორგანიზაცია დგას


ია მეტრეველი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები" (ISFED) აქვეყნებს ინფორმაციას ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის შესახებ. როგორც ორგანიზაცია იტყობინება, „ფეისბუკის“ სამი გვერდის: „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ უკან ია მეტრეველის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას.

ISFED-ის თანახმად, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში „ფეისბუკის“ რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დავასრულოთ“ დარეგისტრირდა. 12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“„დასრულებაა“.

22 სექტემბრიდან „ფეისბუკ“-გვერდების „არქივი • Archive“-ის, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად ორგანიზაცია „დავასრულოთ“ მიუთითეს, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის „დავასრულოთ“ მიერ მართული დისკრედიტაციული „ფეისბუკ“-გვერდი „პოლიტიკური მოთვალთვალე“ 2020 წლის 13 იანვარს, ხოლო „არქივი • Archive“ 14 იანვარს შეიქმნა. ორივე გვერდმა ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიური მადისკრედიტირებელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კამპანია შექმნისთანავე წამოიწყო. ISFED-ის ამ დროისათვის თითოეულ გვერდს სამ-სამი ადმინისტრატორი მართავს.

2 ოქტომბრის მდგომარეობით, „პოლიტიკურ მოთვალთვალეს“ 22,484, „არქივს“ კი 24,404 გამომწერი ჰყავს.

როგორც ISFED-ის ცნობაშია ნათქვამი, 17 სექტემბერს ორგანიზაციამ „დავასრულოთ“ დაარეგისტრირა ვებსაიტის დომენი - davasrulot.ge. 18 სექტემბერს კი „ფეისბუკზე" ამოქმედდა გვერდი „დავასრულოთ“. ამ დროისთვის ვებსაიტზე არანაირი მასალა არ არის განთავსებული, ხოლო „ფეისბუკ"-გვერდზე ერთი პოსტია განთავსებული, რომლის მიზანი ბუბა კიკაბიძის დისკრედიტაციაა.

„სამართლიანი არჩევნები" აღნიშნავს, რომ „ფეისბუკ“-გვერდების ერთ-ერთ ტაქტიკას დისკრედიტაციის ინსტრუმენტად სატელევიზიო არქივის ვიდეოების გამოყენება წარმოადგენს, რომელიც მიემართება ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას თუ პოლიტიკურ ლიდერს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მკვეთრად ნეგატიური, მადისკრედიტირებელი კამპანიის პარალელურად, გვერდები „არქივი“ და „პოლიტიკური მოთვალთვალე“ პოზიტიურ კამპანიას მხოლოდ ერთი პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ აწარმოებენ.

ISFED-ის ცნობაში ნათქვამია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაციის „დავასრულოთ“ გამგეობის წევრები - იოსებ მანჯავიძე, ია მეტრეველი, გიორგი იაკობაშვილი და როზეტა ჯღამაია არიან. როზეტა ჯღამაია ორგანიზაციის დირექტორის პოზიციასაც იკავებს. როზეტა ჯღამაია და გიორგი იაკობაშვილი ხელმძღვანელობენ საინფორმაციო სააგენტო For.ge-ისაც, რომელიც ა(ა)იპ „კავშირი პრესა - საქართველოს“ სახელით არის რეგისტრირებული.

„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საინფორმაციო სააგენტო „For.ge”-ს ა(ა)იპ „კავშირი პრესა- საქართველოს“ ფარგლებში 2013-2020 წლებში 48 გამარტივებული სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური ღირებულება 77,094.51 ლარს შეადგენს. სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სააგენტოს საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მომსახურება გაწეული აქვს სს საპენსიო სააგენტოს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ქალაქ თბილისის ჩუღურეთის გამგეობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის.

„სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის „დავასრულოთ“ საქმიანობა და ფინანსების ხარჯვა პოლიტიკური შინაარსის პოსტების დასპონსორება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აუდიტის სამსახურში სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარება, თუმცა ამ დრომდე ორგანიზაციას შემოწირულობის სახით აუდიტის სამსახურისთვის შესაბამისი ინფორმაცია წარდგენილი არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG