Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრანაციონალისტური „ქართული მარში” აზერბაიჯანს ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს


აზერბაიჯანს, რომელიც საომარ მოქმედებებშია ჩართული სომხეთთან, მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო, ულტიმატუმს უყენებს ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია „ქართული მარში”. ის აზერბაიჯანისგან მოითხოვს, 10 დღეში გაიწვიოს საკუთარი სამხედროები დავით გარეჯის ტერიტორიიდან.

9 ოქტომბერს შეძახილებით „გარეჯი საქართველოა” და „საქართველოს გაუმარჯოს”, „მარშის” 50-მდე წარმომადგენელმა აქცია გამართა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, რომლის ნაწილი სადავოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

„ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ მივეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას 10-დღიანი ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების, ანუ რუკების გაცნობის შემდგომ მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და როგორც მეგობარს შეშვენის, თავიანთი შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ადგილებიდან”, - აცხადებს „მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელიც მოგვიანებით აზერბაიჯანელებს „ყიზილბაშებს” უწოდებს.

ულტიმატუმის არშესრულების შემთხვევაში, ბრეგაძე და მისი თანამოაზრეები სადავო ტერიტორიის „მშვიდობიანად” დაკავებით იმუქრებიან.

მარშის ლიდერი, ასევე, ლიფსიტებს უწოდებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომელთაც პროკურატურა საქართველოს საზიანოდ 1938 წლის რუკის დამალვას ედავება. ბრეგაძის მტკიცებით, დავით გარეჯი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის დავალებით „გაყიდეს”.

ამასთან, სანდრო ბრეგაძის მიმართ „მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვამ შესაძლო რუსულ დაფინანსებაზე, „მარშის” წევრები გააღიზიანა და მას ჰომოფობიური რეპლიკით უპასუხეს, რაც რამდენიმეწუთიანი სიტყვიერი დაპირისპირებით გაგრძელდა. საბოლოოდ, ბრეგაძემ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG