Accessibility links

logo-print logo-print

ბაღათურია გარეჯის საქმეზე: არ გამოვრიცხავ საარჩევნო კონტექსტს, მაგრამ არ ვარ წინააღმდეგი საარჩევნოდ ასევე ილორის ტაძრის დაბრუნების


ჯონდი ბაღათურია

„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია არ გამორიცხავს „კარტოგრაფების საქმის“ საარჩევნო კონტექსტში გამოყენების შესაძლებლობას. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ ამის წინააღმდეგი არ არის:

”საარჩევნოდაც რომ იყოს, მე არ ვარ წინააღმდეგი საარჩევნოდ ასევე ილორის ტაძრის დაბრუნების! ისპეკულიანტოს ვისაც უნდა, რამდენიც უნდა, მაგრამ მეისრეებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს. შეუძლებელია ამ ორ პირს წლების განმავლობაში დიალოგის პროცესიდან გადაემალათ ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი დოკუმენტი და ეს არ სცოდნოდა მაშინდელ პრეზიდენტს და მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ასევე უსაფრთხოების სამსახურს, კუდს აკონტროლებდა“, - განაცხადა ჯონდო ბაღათურიამ "დილის საუბრებში" და საქმის წინასაარჩევნო კონტექსტის ხაზგასმისას ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ამ საქმის „ჩაფარცხვის“ შესაძლებლობა ხელისუფლებას აღარ უნდა მიეცეს.

8 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG