Accessibility links

ევროკავშირმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს სანქციები დაუწესა ნავალნის საქმის გამო


ალექსეი ნავალნი

ევროპის კავშირმა რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში. სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც.

სანქციების სიაში მოხვდნენ: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სერგეი კირიენკო; ფსბ-ს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი იარინი; თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე და ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სერგეი მენიაილო.

ყველა ამ პირს ეკრძალება ევროკავშირში ტურისტული მიზნებით შესვლა, ევროკავშირში მათი აქტივები, თუკი ისინი არსებობს, გაიყინება. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შემავალ პირებთან ფინანსური ურთიერთობები.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ სანქციების სიაში შემავალ პირებს შესაძლოა სცოდნოდათ მოწამვლის შესახებ ან პირდაპირ მიეღოთ მონაწილეობა მის მომზადებაში.

როგორც იტყობინებიან, ორგანიზაცია, რომელსაც ასევე დაუწესდა სანქციები ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, არის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტების შექმნისთვის საბჭოთა პერიოდში, იუწყებიან ევროკავშირს წყაროები.

ის, რომ ნავალნი მოწამლეს საბჭოთა კავშირსა და რუსეთში შექმნილი მომწამლავი საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“, დაადასტურეს ევროკავშირს რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიებში, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში, რომელშიც რუსეთიც შედის.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას არ მოეპოვება იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ნავალნის ნამდვილად დაესხნენ თავს. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთმა „ნოვიჩოკის“ ტიპის შხამები დიდი ხანია გაანადგურა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „სარკისებურად“ უპასუხებს ევროკავშირის სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG