Accessibility links

როგორ ვუმკურნალოთ კოვიდს სახლში - რას გვირჩევენ ექიმები


ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა. 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 11 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს დადასტურებულად კოვიდ-19-ის დიაგნოზი. ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებასთან ერთად მატულობს იმის ნიშნებიც, რომ ჯანდაცვის სისტემა კრიზისში შედის.

ქართველი ექიმები მოქალაქეებს, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. გთავაზობთ რამდენიმე ექიმის რჩევებს, რომლებიც შინ მკურნალობის ან კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენისას დაგეხმარებათ.

რჩევა # 1. არ ჩავარდეთ პანიკაში, სვით სითხე, იმოძრავეთ

„მთავარია, არ შეგეშინდეთ, პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებების არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისთვის აუცილებელი არ არის”, - მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი ყველას, ვინც ხვდება, რომ კორონავირუსის სიმპტომები აქვს.

ნანა გეგეჭკორი პანდემიის დაწყების დღიდან ნიუ-იორკის მაიმონიდის ჰოსპიტალში იყო ჩართული კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. მან გაზაფხულზე, კორონავირუსის პირველი ტალღისას, თავადაც გადაიტანა დაავადება, საკუთარ სახლში, მეგობარი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. რჩევები კოვიდინფიცირებულებისთვის ნანამ ასევე შტატებში მცხოვრებ ქართველ ექიმთან, ზურაბ გურულთან ერთად შეადგინა.

სიმშვიდისკენ მოუწოდა შინ დარჩენილ პაციენტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც, რომელმაც აღიარა, რომ გადატვირთული სისტემის გამო კოვიდპაციენტები დაგვიანებით იღებენ ექიმის დახმარებას.

„მათ, ვინც ბინაზე რჩებიან, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ არ იყოს პანიკა. ვინც ბინაზე მკურნალობენ, არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაოდ ყოფნა. ასევე კონტროლი ტემპერატურის, თუ ადის 38 გრადუსზე ზემოთ, სიცხის დამწევის მიღება”, - ასეთია ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია, რომელიც მოსახლეობას არწმუნებს, რომ სახლში მყოფი პაციენტების 99 % ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდება და გადამდები აღარ იქნება.

რჩევა#2. ფრთხილად, მედიკამენტებთან!

„სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე”, - ეს ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის რჩევაა შინ დარჩენილი პაციენტებისთვის, რომლებიც ოჯახის ექიმებისგან სხვადასხვა წამლის, გადასხმის ან ვიტამინის დანიშვნას ითხოვენ.

მედიკამენტებთან დაკავშირებით სიფრთხილეს გვირჩევს ნანა გეგეჭკორიც, მისი ვრცელი რჩევები კონკრეტული ჯგუფის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ასეთია:

  • არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ანტიკოაგულაციური ან ანტიტრომბოციტული მკურნალობა არ სჭირდებათ. ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ დალევთ პრეპარატებს, რომლებსაც მოსახლეობაში ე.წ. სისხლის გამათხელებლებს ეძახიან. ამ პრეპარატების ნაწილი განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიკური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აქვს.
  • არ იხმაროთ სტეროიდები, ე.წ. დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. მათ აღარ იყენებენ მსუბუქი დაავადების სამართავად. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა გამოიწვიოს.
  • ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე. კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდდაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.
  • რაც შეეხება ვიტამინებს - არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს „ც“ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება „დ“ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. ვინაიდან მცირე ხნით „დ“ ვიტამინის გამოყენება ზედოზირებას არ იწვევს, შეგიძლიათ ის მიიღოთ.
  • არ არსებობს მტკიცებულება მარიხუანის ეფექტურობაზე კოვიდინფექციისას. ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ საკუთარ თავზე.

რჩევა #3. იმოძრავეთ, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები

ექიმები გვირჩევენ, სახლის პირობებში პულსოქსიმეტრით ვაკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა. მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლიც.

„ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.

იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად”, - ასეთია ნანა გეგეჭკორის რეკომენდაციები მანამ, სანამ მდგომარეობა სტაბილურია.

როგორ ვხვდებით, რომ მდგომარეობა მძიმდება?

ჯანმრთელობის გაუარესება გულისხმობს გონების დაბინდვას, უკიდურესი დაღლილობის შეგრძნებას, რომელიც მოძრაობის უნარს ზღუდავს, მაღალ ტემპერატურას, რომელსაც წამლებით ვერ იგდებთ და გამოხატულ სუნთქვის უკმარისობას.

მდგომარეობის დამძიმების ნიშნებია ნახველიანი ხველა. ასევე უჩვეულოდ აჩქარებული გულისცემა (ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100 დარტყმას წუთში), ქოშინი მინიმალური დატვირთვისას, ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ხშირი დიარეა და ღებინება, ასევე ფეხების ასიმეტრიული შეშუპება.

ნანა გეგეჭკორი მოგვიწოდებს, რომ ოჯახის ექიმს ან გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრებს მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუკი:

  • პაციენტს თავიდანვე აქვს სუნთქვის შესამჩნევი უკმარისობა - მკვეთრად არის გაზრდილი სუნთქვის სიხშირე და სიმძიმე;
  • პაციენტის სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94 %-ს (ეს მათთვის, ვისაც აქვს პულსოქიმეტრი);
  • პაციენტს ახასიათებს ლეთარგია, ძილად მიგდება, გონების სრული დაბინდვა;
  • გამოხატულია მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა თუნდაც მსუბუქი კოვიდინფექციის მიმდინარეობისას.

ნანა გეგეჭკორის მიერ გაწერილი რჩევებიდან, იზოლაციაში სიმპტომების მქონე პაციენტი უნდა იყოს პირველი სიმპტომის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში მაინც და იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია, ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე. ამ შემთხვევაში, ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი, პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ს ნარჩენები განაპირობებს და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ.

როგორ ვიყოთ სახლში იზოლირებულები ისე, რომ ოჯახის წევრებს საფრთხე არ შევუქმნათ?

ასეთი შემთხვევებისთვის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩევები გამოდგება, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურების მიხედვით არის შედგენილი:

  • მოთავსდით იზოლირებულ ოთახში, სადაც არის კარგი ვენტილაცია და ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი.
  • გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ ეს შესაძლებელია. თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებელია რეგულარული გაწმენდა. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი, ის რიგრიგობით უნდა იყოს გამოყენებული. ანუ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ბოლომ უნდა გამოიყენოს და შემდეგ ისევ კარგად გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარებით.
  • კვებისთვის გამოიყენეთ ცალკე ჭურჭელი, ჭამეთ იზოლირებულ ოთახში და არა სამზარეულოში. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს კარგად, სარეცხი საშუალებით და თბილი წყლით და გამშრალდეს ცალკე პირსახოცის საშუალებით. შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებაც.
  • თვითიზოლაციაში მყოფი პირის პირსახოცებს არ ხმარობენ ოჯახის სხვა წევრები.
  • ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.
  • თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან.
  • ყველა ნარჩენი, რომელიც კონტაქტში იყო პირთან, გამოყენებული ცხვირსახოცების და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში და ავსებისას თავი შეეკრას. ამის შემდეგ ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და თავი შეუკარით. ასეთი ნარჩენების პარკში არ ჩაყაროთ საკვები ნარჩენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით.
  • დაიცავით ყველა ზოგადი რეკომენდაცია, დაიბანეთ ხელები, სადეზინფექციო ხსნარით გადაწმინდეთ მყარი ზედაპირები, გაანიავეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი), იხმარეთ ნიღაბი.

და ბოლოს, გახსოვდეთ ინფექციონისტ მამუკა მაჩაიძის გაფრთხილება, რომ „არც ერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი”, უნდა იყოთ იზოლაციაში და დააკვირდეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG