Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის


31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისულ კასპელ ამომრჩევლებს ერთბაშად სამი არჩევანის გაკეთება მოუწევთ: აირჩევენ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, პოლიტიკურ პარტიას და მუნიციპალიტეტის მერს.

კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, მანუჩარ მერებაშვილი, თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით 2020 წლის 9 მარტს გადადგა. მაშინ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებდა და მერის თანამდებობა პირადი სურვილით დატოვა, თუმცა იმ ხანებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილს უთანხმოება ჰქონდა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებთან და ეს გახდა თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზი. ახლა კასპის მუნიციპალიტეტი მერს ერთი წლის ვადით აირჩევს, მერის რიგგარეშე არჩევნების მოსაგებად კი 5 კანდიდატი იბრძვის.

  • გიორგი ხელაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერობისთვის „ევროპული საქართველოდან“ იბრძვის. კანდიდატს მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები აქვს და, მისი თქმთ, ყველაზე უკეთესად მოქალაქეებისგან იგებს, რა პრობლემებია აუცილებლად გადასაჭრელი მუნიციპალიტეტში. სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, სოციალურად დაუცველებისთვის მდგომარეობის შემსუბუქება - გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ხელაშვილი ამ საკითხების გადაწყვეტას აპირებს.
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილია. იგი, დიდი ხანია, ამ პარტიაშია. ნონიაშვილი საკრებულოს წევრია და კარგად იცის, რა გამოწვევებია მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები პრიორიტეტული იქნება. დასრულდება სოფლების გაზიფიცირება და წყლის სისტემების მოწესრიგება. ნონიაშვილის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი თემებში ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნა იქნება, რაც ახალგაზრდების განათლებას ხელს შეუწყობს.
  • ილია კიტრიაშვილი, „საქართველოს პარტრიოტთა ალიანსის“ წევრი, საკრებულოს წევრია. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მას ყველაზე ხშირად უმუშევრობის პრობლემაზე ელაპარაკებიან. კიტრიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლებს სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს, რომლის გადაჭრასაც შეეცდება გამარჯვების შემთხვევაში. კანდიდატის აზრით, გზების მოწესრიგებას და ამ პროექტებში დიდი ფულის ხარჯვას ჯობდა ჯერ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები მოგვარებულიყო.
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ოთარ ქოსაშვილია. ქოსაშვილიც კასპის საკრებულოს წევრია. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებულ მერს ერთი წელი ექნება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში დაგროვილ არაერთ პრობლემას შეეჭიდოს, ეს კი, მისი აზრით, არასაკმარისი დრო იქნება. ქოსაშვილის აზრით, გამოწვევები მრავლადაა და ეს, პირველ რიგში, სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს ეხება.
  • კასპის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ვახტანგ მაისურაძეა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, სამხარეო ადმინისტრაციაში და აუდიტის სამსახურში. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ამომრჩევლებთან ყოველდღიურ შეხვედრებს ატარებს და აცხადებს, რომ ყველა პრობლემას ინდივიდუალურად ეცნობა, გამარჯვების შემთხვევაში კი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების გაგრძელება და ახალი პროექტების დაწყება იქნება.

კასპის მერობის ხუთივე კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს და მათი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. 31 ოქტომბერს ამომრჩეველი გადაწყვეტს რომელ კანდიდატს ანდოს საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG