Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ქართული ოცნების" ხელწერა


Georgia - Irakli Kobakhidze.
Georgia - Irakli Kobakhidze.

მმართველი პარტიის ლიდერმა და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს გუშინ "საქართველოს ბანკის" შენობიდან მძევლების გათავისუფლების გამო. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ ოპერაციით კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ხელწერა.

"გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ქართული ოცნების" ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი - 43-ვე მძევლის უვნებლად გათავისუფლება შესრულებულია", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ პრემიერ-მინისტრის მსგავსად თქვა, რომ სპეცოპერაცია ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე დამნაშავის დაკავებაზე უნდა იმუშაონ სამართალდამცავებმა.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG