Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო: დავით ხვიბლიანი ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანის მიმართ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, რის გამოც, სამხედრო პირი გეგმავს მიმართოს სასამართლოს:

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მძევლებს შორის იყო დავით ხვიბლიანი.

22 ოქტომბერს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი კიდევ სხვა პირებთან ერთად თავდამსხმელის თანამზრახველი და ცრუ მძევალი იყო. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ინფორმაცია მას ამის თაობაზე უცნობმა წყარომ 21 ოქტომბერს მიაწოდა და ამავე დღეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ამცნო ამ ფაქტის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG