Accessibility links

site logo site logo

პოლონეთში გრძელდება აქციები აბორტის წესების გამკაცრების წინააღმდეგ


პოლონეთში მეხუთე დღეა გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები აბორტის გამკაცრებისკენ მიმართული ცვლილების წინააღმდეგ.

ქალთა უფლებების დამცველთა აქციებმა მოიცვა პოლონეთის 150 ქალაქი. „როიტერსის“ თანახმად, 27 ოქტომბერს მანქანებით, ველოსიპედებითა და ფეხით მოძრავმა ათობით ათასმა ადამიანმა გადაკეტა მოძრაობა გზებზე.

სამშაბათს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დემონსტრანტებმა დაახლოებით ერთი საათით გადაკეტეს მოძრაობა ქალაქის ქუჩებში.


გასულ კვირაში პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ორსულობის შეწყვეტას ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში. ამ დებულებით მართლდება ქვეყანაში ლეგალური აბორტების 98%. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით, პოლონეთში აბორტის გაკეთება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმობა დადგა გაუპატიურების შედეგად ან თუ საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.


იუწყებიან, რომ 27 ოქტომბერს ვარშავის ქუჩებში გამოსულ ზოგიერთ დემონსტრანტს ხელთ ეპყრა პლაკატი წარწერით: „მსურს, რომ მთავრობას გავუკეთოთ აბორტი“.


გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს, პოლონეთის სეიმის 100 დეპუტატის მიმართვას შესაბამისი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. სამი საპარლამენტო პარტიის გარდა, აბორტის გამკაცრებას მხარს უჭერს პოლონეთის მმართველი კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG