Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და 24 წელს, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, რას ფიქრობს კოალიციის საჭიროებისა და ოპოზიციის მიერ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნის წინააღმდეგ მემორანდუმის გაფორმების საკითხებზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ ოპოზიცია არათანმიმდევრულობაში, ალოგიკურობასა და მიზეზშედეგობრივი კავშირის არევაში დაადანაშაულა:

„მთელ მსოფლიოში დარბოდნენ, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპრებს, აზიანებდნენ ქვეყანას და დღეს ეს ხალხი, მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ხვალე არჩევნები გვაქვს და დღეს აწერენ რაღაცას ხელს და ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ლეიბორისტული პარტიის ფორმატში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG