Accessibility links

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, მისი ნათესავი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე დაჭრეს


კახა ოქრიაშვილი

საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრეს მისი ნათესავი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი.

ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მერაბ ოქრიაშვილს ორი ტყვია ესროლეს და დაჭრეს ფეხში, დაახლოებით 1 საათის ან საათ-ნახევრის წინ. მისივე თქმით, დაჭრილი თბილისში გადაჰყავთ.

კახა ოქრიაშვილი - რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს - მომხდარს 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებს:

„იცით, როგორი არჩევნებიც გვქონდა დმანისსა და ბოლნისში - ტერორში... ეს ხომ პირველი სროლა არ არის - ავტომატებით დადიოდნენ, რამდენიმე გასროლა იყო“, - ამბობს ის.

დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG