Accessibility links

site logo site logo

საერთაშორისო მისიები: ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა, არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო


საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშს აქვეყნებენ.

„საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო“, - ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE/PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა, ის შენიშვნები და ხარვეზები გააცნეს ჟურნალისტებს, რომლებიც მათ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და ზოგადად, საარჩევნო კამპანიის პროცესში აღმოაჩინეს.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები კი ასეთია:

  • დამაშინებელი ატმოსფერო, რომელიც შექმნილი იყო საარჩევნო უბნებზე მყოფი აქტივისტების მხრიდან;
  • საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ხარვეზები;
  • ამომრჩევლებზე ზეწოლა;
  • მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზის ბუნდოვანება;
  • საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა;
  • პოლარიზებული მედია.

ნატოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის (NATO PA), ოსმან აშქინ ბაქის განცხადებით, ყველა ეს ხარვეზი ქმნიდა არათანაბარ გარემოს და ზეგავლენას ახდენდა ნდობაზე საზოგადოების მხრიდან:

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და მომავალ პარლამენტს, რომ ანგარიშში მოცემული საკითხები გაითვალისწინონ და განიხილონ. ასევე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ მათ პასუხისმგებლობით იმოქმედონ შემდგომი დღეების განმავლობაში და კონსტრუქციულად ჩაერთონ დამატებითი რეფორმების ეფექტურ განხორციელებაში. ასეთი ძალისხმევა აუცილებელია საქართველოსთვის, რათა პროგრესს მიაღწიოს ევროატლანტიკურ გზაზე“.

ტინი კოქსი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი (PACE), სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოში არ არის წარმოდგენილი ნათელი წესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ფინანსდებოდეს ქვეყანაში საარჩევნო კამპანია:

„ეს, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს მოქალაქეებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებსა და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება იმისათვის, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო“.

ჯილიან სტირკი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელი (ODIHR), განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საარჩევნო პერიოდში განხორციელებულ მედიამონიტორინგზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ის დაკვირვებით ქვეყანაში მედიაგარემო მრავალფეროვანი და პლურალისტურია, მაინც გამოვლინდა პოლარიზებული მედიაგარემო, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ და ბიზნესინტერესებს ემსახურებოდა:

„ხუთი კერძო მაუწყებელი, პარტიული ნიშნით იყო მიკერძოებული. რაც შეეხება კამპანიის გაშუქებას, არ არსებობდა პოლიტიკის შესახებ დისკუსია და ანალიტიკური გაშუქება, რის გამოც, ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ“.

როგორც სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ მიგნებებში ვკითხულობთ, არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა, მასში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დამატებითი ნაბიჯებია საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG