Accessibility links

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაშია


ანრი ოხანაშვილი

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ძალიან მძიმე სანახავია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამუნათებული ოპოზიცია, რომელიც უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე. ანრი ოხანაშვილის აზრით, ამ მოცემულობით ყველაზე მეტად იმედგაცრუებული უნდა იყოს პატარა და ახალგაზრდა პარტიების ამომრჩეველი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, მხარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუჭერია, რადგან მას სხვა პარტიები ტყვეობაში ჰყავს:

„აბა, გაბედოს რომელიმემ და საკუთარი ამომრჩევლის ხმა დააყენოს უპირატესად, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი.

ძალიან მძიმე სანახავები არიან მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევცვალეთ რეგლამენტი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უამრავი ბერკეტი საპარლამენტო კონტროლის, ზედამხედველობის განხორციელების, საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის. თუკი ეს მათ არ სურთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ზურგის შექცევა საკუთარი ამომრჩევლებისთვის და ტყვეობაში ყოფნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში. მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას გასაჭირში ვერ მიატოვებს, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.

„ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩეველს არ მივატოვებთ, არამედ ჩვენ ვიზრუნებთ მათ შორის მათ ამომრჩეველზე, რომ მათი სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული, მათი უსაფრთხოება იყოს დაცული განსაკუთრებით, ამ პანდემიის ფარგლებში. ვიზრუნებთ ეკონომიკის განვითარებაზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის მანდატი, რომ ხელისუფლება დააკომპლექტოს.

31 ოქტომბრის არჩევნების ხმების 100 პროცენტის დათვლა ცესკომ უკვე დაამთავრა. ამ მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 75 მანდატი და უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ 1 მანდატიღა სჭირდება. შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლად არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. პარტიებმა დღეს, 3 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას მოაწერეს ხელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG