Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიებს მიმართავს, კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკება დაიწყონ


სპეცრაზმელები ცესკოს შენობასთან. 2020 წლის 8 ნოემბერი
სპეცრაზმელები ცესკოს შენობასთან. 2020 წლის 8 ნოემბერი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, დაიწყონ მოლაპარაკება კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს, 9 ნოემბერს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“.

მათივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს:

„მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია“.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. "ქართული ოცნება" გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს "ნაციონალურ მოძრაობას" და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაში არიან.

31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, პროპორციული სისტემით 120 მანდატი ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 61;
  • „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 35;
  • „ევროპული საქართველო“ – 5;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4;
  • „ლელო“ – 4;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4;
  • „გირჩი“ – 4;
  • „მოქალაქეები“ – 2;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს 30 მაჟორიტარული ოლქიდან ათზე მეტში. სხვა ოლქებში მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

მთავრობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად "ქართული ოცნებას" პარლამენტში სულ მცირე 76 ხმა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG