Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცესკოსთან განვითარებული მოვლენები შეაფასა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისკენ პირდაპირ მოწოდებად, „რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“.

გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო თვეებში, საზოგადოებასთან ერთად ებრძვიან პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხის გაზრდას ცდილობენ: „ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს“.

გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქემ 9 პარტიასაც დაავალა ქვეყნის მიხედვა და: „პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ. ეს იყო დავალება. რა დავინახეთ ჩვენ გუშინ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და, რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა“.

გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, საბოლოო ჯამში, მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს: „ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. "ქართული ოცნება" გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს "ნაციონალურ მოძრაობას" და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაში არიან.

31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, პროპორციული სისტემით 120 მანდატი ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 61;
  • „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 35;
  • „ევროპული საქართველო“ – 5;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4;
  • „ლელო“ – 4;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4;
  • „გირჩი“ – 4;
  • „მოქალაქეები“ – 2;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს 30 მაჟორიტარული ოლქიდან ათზე მეტში. სხვა ოლქებში მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

მთავრობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად "ქართული ოცნებას" პარლამენტში სულ მცირე 76 ხმა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG