Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილი: დღეს საღამოს 10:00 საათზე ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას


„სირცხვილია“-ს აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.

„ამაღამ აქ ვაპირებ დარჩენას. დღეს, 10:00 საათიდან ვაი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ზუსტად იმიტომ, რომ პროტესტის მუხტი ჩაახშონ, შეგვაშინონ დიდი, 2000-ლარიან ჯარიმით, გადაწყვიტეს, რომ შეგვიზღუდეს გადაადგილება. თითქოს 22:00 საათიდან იწყებს კორონა ფრთხების გამოსხმას და დილის ხუთ საათზე კეცავს ამ ფრთებს. სრული აბსურდია საიმისოდ, რომ მავატყუებინოთ თავი.

ჩვენ დღეს საღამოს 10:00 საათზე ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას“, - მიმართა შეკრებილებს მაქარაშვილმა.

მაქარაშვილი ამბობს, რომ მზად არიან დილის ხუთ საათამდე დარჩნენ რუსთაველის გამზირზე.

„აქ რომელი პატრული გაბედავს შემოსვლას და პირადობის მოთხოვნას. ინდივიდუალურად თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. თუ ხვდებით, რომ საკმარისად თბილად გაცვიათ, შეგიძლიათ დილის ხუთ საათამდე ყოფნა და მაინცდამაინც არ გეშინიათ იმის, რომ ზუსტად თქვენ დაგაჯარიმებენ, თუმცა ასეც შეიძლება მოხდეს... გვექნება თბილი სასმელი, პლედები და მუსიკა. ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ რჩებით, საერთოდ არ არის ვალდებული“, - ამბობს მაქარაშვილი.

რუსთაველის გამზირზე აქცია, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 8 ნოემბერს, სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG